დღეს, 3 ნოემბერს ამერიკაში შუალედური არჩევნები იმართება. ამერიკელები კონგრესის წევრებსა და გუბერნატორებს აირჩევენ.
დონალდ ტრამპის ისტორიულად დაბალი რეიტინგი, გაზრდილი ხარჯები და ეკონომიკური პრობლემები, მწვავე დებატები ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაზე, ომი ირანში – ეს ის ფაქტორებია, რამაც 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნების ბედი შესაძლოა გადაწყვეტოს. შუალედური არჩევნები განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა ტრამპის რესპუბლიკური პარტია კონგრესზე სრულ კონტროლს, ხოლო დემოკრატებისთვის შანსია, მოიპოვონ საჭირო ბერკეტები, რათა ზედამხედველობა დააწესონ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე და ქვეყანაში ძალაუფლების ბალანსი აღადგინონ. ამ არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის სასწორზე ბევრი რამ დევს, რადგან შუალედური არჩევნები პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების მთავარი საზომია.
აშშ–ში შუალედური არჩევნები პრეზიდენტის ოთხწლიანი ვადის შუა პერიოდში იმართება. ამჯერად აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, სენატის 100 წევრიდან 35-ს და 50 შტატიდან 36-ის გუბერნატორს.
წარმომადგენელთა პალატა კონგრესის ქვედა პალატაა და 435 წევრისგან შედგება. მათ ორ წელიწადში ერთხელ ირჩევენ, ამიტომ საპრეზიტენტო არჩევნებსა და შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატის ხელახლა არჩევა ხდება.
სენატი კონგრესის ზედა პალატაა და 100 წევრისგან შედგება. სენატორების ვადა ექვსწლიანია, თუმცა ეტაპობრივად, ორ წელიწადში ერთხელ, დაახლოეობით ერთი მესამედს ირჩევენ. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ სენატის შემადგენლობა ერთბაშად არ შეიცვალოს, რაც ინსტიტუციური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ამჯერად სენატში 33 ადგილისთვის გეგმიური არჩევნები გაიმართება, ხოლო ოჰაიოსა და ფლორიდაში სენატორებს ვადამდე აირჩევენ.
გუბერნატორები შტატების აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენენ. მათ შტატის შიდა პოლიტიკის წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. აშშ–ის 50 შტატიდან წელს გუბერნატორების არჩევნები 36-ში იმართება. ამჟამად 26 შტატს რესპუბლიკელი, 24-ს კი დემოკრატი გუბერნატორი მართავს.
რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას ფლობენ. დემოკრატებისთვის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება ტრამპის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივებზე გავლენის გაზრდას ნიშნავს, ხოლო სენატში უმრავლესობის მოპოვება დამატებით ბერკეტებს მისცემს. შესაბამისად, არჩევნების შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას. დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში მას ამ პროცესში ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს.
1 ნოემბერს Fox news–თან დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ ის სავარუდოდ, „მისტერ ვეტო“ გახდება. ინტერვიუ სრულად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მოკლე ვიდეო ანონსში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დემოკრატების ინიციატივებს დაბლოკავს, და ვარაუდობს, რომ ვეტოები დემოკრატებს, გარკვეულ შემთხვევებში, მასთან შეთანხმების დადებას აიძულებს.
რეკორდულად დაბალი რეიტინგის მიუხედავად, დონალდ ტრამპი სხვადასხვა შტატში მოგზაურობდა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და ამომრჩევლების მობილიზებას ცდილობდა. სექტემბერში ის ამერიკის მოქალაქეებს 5 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ. ნიშანდობლივია, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო შეხვედრები მხოლოდ იმ შტატებში გამართა, სადაც ის აქამდე დამაჯერებლად იმარჯვებდა.
დემოკრატები კი წინასაარჩევნო კამპანიაში ყურადღებას ამახვილებდნენ იმ დაპირებებზე, რომლებიც, ტრამპმა პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა და რაც ფასების დაკლებასა და ომების დასრულებას ეხებოდა. გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატები აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი ფასების ზრდის შეჩერება და მთავრობისთვის კორუფციულ გარიგებებზე პასუხის მოთხოვნა იქნება.
გასულ კვირას Ipsos-მა Reuters-ის დაკვეთით, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც დონალდ ტრამპის რეიტინგი, ორწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ისტორიულ მინიმუმზეა და 32%-ს შეადგენს. ამავე კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობა, 47% დემოკრატებს ანიჭებს უპირატესობას, 36% რესპუბლიკელებს.
კონგრესისთვის ბრძოლის ბედი, როგორც ჩანს, ინფლაციის გარშემო არსებულ განწყობებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ინფლაცია კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტრამპმა ირანზე სამხედრო იერიში მიიტანა. გამოკითხულთა 73% აღნიშნავს, რომ მათი ფინასნური ხარჯები მატულობს. ნიშანდობლივია, რომ
წინა გამოკითხვებით, ამომრჩევლები ეკონომიკის მართვის საკითხში რესპუბლიკელებს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე დემოკრატებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის საპროგნოზო მოდელი, რომელიც პოლიტიკური მეცნიერების ცოდნას, ისტორიულ ტენდენციებსა და სოციალური გამოკითხვების სტატისტიკურ ანალიზს ეყრდნობა, 1 ნოემბრის მონაცემებით დემოკრატებს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში მკვეთრ უპირატესობას ანიჭებს. კვლევის მიხედვით, დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების ალბათობა 96%-ს შეადგენს, ხოლო სენატში გამარჯვების შანსი 79%-ს აღწევს.
CNN-ის თანახმად, წინასწარი ხმის მიცემის მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო ტენდენციების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე შტატში დემოკრატების წილი წინასწარ ხმის მიმცემ ამომრჩევლებს შორის ორი წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ რესპუბლიკელთა მხარდამჭერები არჩევნების დღეს ხმის მიცემას ანიჭებენ უპირატესობას.
აშშ–ში ამომრჩეველს ხმის მიცემა არჩევნების დღემდეც შეუძლია. ამისთვის ორი გზა არსებობს: ბიულეტენის ფოსტით გაგზავნა ან სპეციალურად გამოყოფილ საარჩევნო უბანზე პირადად მისვლა. წინასწარი ხმის მიცემის პირობები და ვადები შტატების მიხედვით განსხვავდება.
The New York Times კი წერს, 2 ნოემბრის 13:00 საათისთვის ამომრჩეველმა რეკორდული აქტივობა აჩვენა. 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ხმა ადრე მისცა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა შუალედური არჩევნების მაჩვენებლებს.
არჩევნების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე
აშშ–ის შუალედური არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საგარეო პოლიტიკაზეც. ჩვენი რეგიონისთვის კი მნიშვნელოვანია, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.
გასული თვეების განმავლობაში უკრაინა და მისი ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მხირდან კრიტიკისა და ზეწოლის ქვეშ ექცეოდა. ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში დიზელის საწვავის ფასების ზრდაში დაადანაშაულა და მოუწოდა, შეეწყვიტა იერიშები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო შეეწყვიტა დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იმ პირობით, თუ რუსეთიც შეწყვეტდა უკრაინულ ელექტროსადგურებსა და ენერგოსისტემაზე თავდასხმებს, რაც არ მომხდარა.
ზელენსკი სხვადასხვა ინტერვიუში მიანიშნებდა, რომ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლით და მკაცრი განცხადებებით და ბრალდებებით ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობდა და აშშ-ში დიზელის ფასის ზრდა რუსეთზე კი არა, ირანში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.
ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ევროპელ მოკავშირეებსა და სხვა პარტნიორებთან აშშ–ის ურთიერთობები არაერთხელ დაიძაბა. ამის მიზეზი გახდა როგორც სავაჭრო დავები და მოკავშირეების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, ისე ტრამპის არათანმიმდევრული პოზიციები საერთაშორისო საკითხებზე. პარტნიორების უკმაყოფილებას იწვევს ტრამპის პუტინისადმი დამოკიდებულება, შემსუბუქებული სანქციები და უკრაინაში ომის დასრულების განსხვავებული ხედვა, რამაც პარტნიორების მხრიდან ვაშინგტონის მიმართ ნდობა შეასუსტა და დასავლეთის ერთიანობაზე კითხვები გააჩინა.