კობახიძე გაფართოების ანგარიშზე: ეს არ არის მწვავე ანგარიში - მწვავეა მისი ავტორებისთვის

პუბლიკა

„ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშს ევროკავშირის გაფართოების შესახებ.

კობახიძის განცხადებით, ეს ანგარიში „მწვავეა მისი ავტორებისთვის“.

„ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს იმიტომ, რომ არც ერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე.

შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ქვეყნის გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ სამარცხვინოა.

როდესაც ისინი საუბრობენ ე.წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ ისროდნენ და სხვა ტიპის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, რომლებიც დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ. კეთილი ინებონ და გვარებით ჩამოყვნენ ამ ყველაფერს. გვარებით მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ.

ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ სიის მოწოდება, თუმცა ვერ მოგვაწოდეს სია, იმიტომ, რომ მერე რა გაირკვეოდა? – უნდა მოეწოდებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მძიმე ძალადობრივ აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აანონსებდნენ, „მოლოტოვის კოქტეილების“ ისროდნენ. ზუსტად ამიტომ ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ძალიან მძიმე სახეს, როგორც არის ის დღეს წარმოდგენილი.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა დასაბუთებული მსგავსი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არავითარი დასაბუთება ამას არ შეიძლება ჰქონდეს. არც ე.წ. ვეტინგს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. არც პატიმრების გათავისუფლებას. როგორ შეიძლება მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას. დიახ, კონკრეტულად ევროპის დემოკრატიის ფონდი პირდაპირ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას. ეს ფონდი პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირისგან“, – თქვა კობახიძემ.

2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარადგინა.

საქართველოს შესახებ ანგარიში ხაზგასმულია დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სისტემის მოშლისა და საგარეო პოლიტიკისგან გადახვევის რამდენიმე კრიტიკული და მწვავე მიმართულება, რამაც „საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა“.

  • ვიზის მექანიზმის რეკომენდაციების შეუსრულებლობა;
  • ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა და პოლიტიკური რეპრესიები;
  • ოპოზიციური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკავებები;
  • საარჩევნო პროცესის სანდოობა და მონაწილეობის შეზღუდვა;
  • სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიული ზომები;
  • სასამართლო სისტემაზე კონტროლი და პოლიციის დაუსჯელობა;
  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისგან გადახვევა და სანქციები;
  • ფუნდამენტური უფლებების ცალკეული მიმართულებებით შეზღუდვა – ევროკომისიის ანგარიშში სწორედ ამ საკითხებს მიმოიხილავს.