გორში მოქალაქეებზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელებმა საპროცესოზე მიმართეს

პუბლიკა

პროკურორის ინფორმაციით, გორში მოქალაქეებზე ძალადობისთვის დაკავებულმა ექვსმა პოლიციელმა საპროცესო შეთანხმებაზე მიმართა – პროკურორის კომენტარი „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.

პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის თქმით, პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს და არც გადაწყვეტილება მიუღიათ.

ბრალდებული პოლიციელები არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ალექსი ბადალოვი ბრალს არ აღიარებს, თუმცა საპროცესოს გაფორმებაზე მისმა ადვოკატმაც მიმართა. შეთანხმების წინაპირობა სწორედ დანაშაულის აღიარებაა.

როგორც გამოცემა წერს, 4 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ლაშა აბისულაშვილი, რომელმაც თქვა, რომ მასა და მის მეგობარზე, პაპუნა ლოცულაშვილზე პოლიციელი გიორგი წკრიალაშვილი ძალადობდა.

გორში მოქალაქეებზე პოლიციის ძალადობის კადრები 27 მაისს ჟურნალისტებმა გიორგი ახალკაცმა და ლადო ბიჭაშვილმა გაავრცელეს. 28 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 6 პოლიციელი დააკავეს.

28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს, პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება მოუხსნეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, გამოიყენეს განრიდების მექანიზმი.

„პაპუნა ლოცულაშვილი ზიანის ანაზღაურების პირობით განვარიდეთ. ის შეურიგდა პოლიციელ გოდერძიშვილს… მან დაადასტურა, რომ პოლიციელს ხელი გაარტყა“, – განუმარტა „რადიო თავისუფლებას“ საქმის პროკურორმა.