აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, „ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდის დამფუძნებელმა“ ოთარ ფარცხალაძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რომანოვის გვარიც მიიღო, პრორუს ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსეთს რუსეთს საქართველოს მიმართ ბოროტი ზრახვები არ აქვს“ და ქვეყნებს შორის დიალოგის დაწყებაა საჭირო.
დაახლოებით 50-წუთიან ინტერვიუში ფარცხალაძემ პრორუსული ნარატივებით ილაპარაკა, უკრაინას „მონაგავებული“ უწოდა და რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაც ახსენა.
„რუსეთს ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს, რუსეთს ძალიან კარგი ზრახვები აქვს ჩვენ მიმართ. რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი, რუსეთი მტერი არაა. რა თქმა უნდა, რთული იქნება. 9 წელი, რაც იყო, იმათი თარეში. რამაც მიგვიყვანა აქამდე. იქიდან უცებ ავიღოთ და, აბა, დაგვიბრუნეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩქარა და ვსიო, მოვტრიალდეთ, ეს აღარ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და ურთულესი გზა ელოდება საქართველოს“, – თქვა მან.
ფარცხალაძემ თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღსადგენად მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, ხოლო რუსეთის პარლამენტში („დუმაში“) ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურთ.
კერძოდ, მისი მტკიცებით, ამ პროცესში მას „დუმის“ დეპუტატები, მათ შორის კალაშნიკოვი და ტაისაევი ეხმარებოდნენ.
„ჩვენმა გუნდმა, ყველამ ერთად… აქაური მეგობრებიც დაგვეხმარნენ – ბატონი კალაშნიკოვი, ბატონი ტაისაევი, კიდევ მრავალი ჩვენი მეგობარი. ჩვენ ვწვალობდით, ფრენა რომ აღგვედგინა, ელემენტარული, თვითონ ვიტანჯებოდით. მივმართეთ ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმირ პუტინს წერილით, ბატონმა პუტინმა დართო ნება ფრენას და საჩუქრად გამოაყოლა ვიზების მოხსნა, ეს იყო სიურპრიზი“, – თქვა ფარცხალაძემ.
„ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდის“ დაფუძნებაზე საუბრისას ფარცხალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, „მით მეტეს, ქართულ პოლიტიკაში“.
მისი თქმით, ფონდის შექმნის მიზანი რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან და ქართულ სათვისტომოსთან თანამშრომლობაა და რომ ამაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ეხმარებიან.
„ფონდი შეიქმნა იმისთვის, რომ აქ ხალხი ცხოვრობს, ქართველები, ჩვენი სათვისტომოც ჩვენთან ერთად არის, გვეხმარება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია… მე ექსპერტი ვარ დუმაში, ესენგეს კომიტეტში. 4 წლით ვიყავი და კიდევ გამიგრძელეს – კალაშნიკოვთან, იქ ბევრი მეგობარი გვყავს, ყველა გვეხმარება, ყველა არის მოხარული ამით, რომ ყველას უნდა საქართველოსთან დიპლომატიის აღდგენა.
მე დარწმუნებული ვარ, ეს ქართველებსაც უნდათ. ეს დრო აუცილებლად მოვა, ეს რეალობაა, ამას ვერ გავექცევით, მეზობლებს არ ირჩევენო, ხომ გაგიგიათ“, – თქვა მან.
ფარცხალაძემ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ილაპარაკა და მას პატრიოტი უწოდა.
„ამ სიტუაციაში აღარანაირი ურთიერთობა არ მაქვს [ბიძინა ივანიშვილთან], აქეთ ვარ მე და… ბატონი ბიძინა პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც დღეს საქართველო მონაგავებული რომ არაა, როგორც უკრაინა, იმ დღეში რომ არ ვართ, რა დღეშიც უკრაინაა, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. გარდა ამისა, სხვა კიდევ ბევრი რამე აქვს მას გაკეთებული. ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბიძინა ივანიშვილი და მე მას წარმატებას ვუსურვებ“, – თქვა ფარცხალაძემ.
ყოფილმა გენპროკურორმა ახსენა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველებიც – ფარცხალაძემ რამდენიმე თვის წინ ქართული ბატალიონი „გეორგიევსკი“ დააფუძნა.
ფარცხალაძე ირწმუნება, რომ მას არაერთი ქართველი უკავშირდება, მათ შორის სხვადასხვა ბატალიონში მყოფი პირები, რომლებსაც რუსულ მხარეს ბრძოლა სურთ ან უკვე აქვთ საბრძოლო გამოცდილება.
„რუსეთის მხარეს ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა გუნდმა, ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ „ეს გეორგიევსკი“. ძალიან ბევრი მირეკავს, ბევრი ბიჭი მოვიდა სხვადასხვა ბატალიონებიდან. ზოგი უკვე ნაბრძოლი იყო და კონტრაქტი აღარ ჰქონდათ, რომ აი, რახან დაფუძნდა ქართული ბატალიონი, თქვენთან ვიქნებით. ყველამ გაიგოს, რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები“, – თქვა ფარცხალაძემ.

რაც შეეხება ბატალიონის მდგომარეობას, მისი თქმით, ის „კარგ დონეზეა და ეს სამხედრო საიდუმლოა“. „ყველაფერი ისეა, როგორც უნდა მიდიოდეს“, – თქვა მან.
ოთარ ფარცხალაძემ ახსენა ლევან ჯანგველაძეც, რომლის მკვლელობის ორგანიზების საქმეზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი და საქმესთან კავშირი უარყო.
„ეს საქმე შეკერილია თავიდან ბოლომდე. ლევანი ჯანგველაძის მკვლელობაზე გესაუბრებით. მე მაგ ადამიანს ვიცნობდი, მქონდა ჩემი ურთიერთობა, ვხვდებოდით ხოლმე. კარგი ურთიერთობა მქონდა“, – თქვა მან.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრამდე. იგი იძულებული გახდა თანამდებობა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა.
ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები ჰქონდა როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილისვე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მისი შვილის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია – ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო დაასანქცირა და მიუთითა, რომ „ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“. აშშ-მა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია. ის სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერაც.
ამასთან, ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საქართველოში მას ბრალი წარდგენილი აქვს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე. პროკურატურის განცხადებით, „ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა“.
2026 წლის 18 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეც. საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.
პროკურატურის ვერსიით: 2020-2023 წლებში საქართველოში ფარცხალაძის მფარველობით მოქმედებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. თბილისში ფუნქციონირებდა რამდენიმე თაღლითური ქოლცენტრი. ოპერატორები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებზე იზიდავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, 200-ზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაახლოებით 9.5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოტყუებით გამოსტაცეს. ფარცხალაძე და მისი გარემოცვის წევრები, პროკურატურის მტკიცებით, ქოლცენტრების საქმიანობას მფარველობდნენ და სამართალდამცავების ჩარევისგან იცავდნენ.
ფარცხალაძეს ბრალი წარდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე – თაღლითობისა და 194-ე – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლებით.
ფარცხალაძესთან ერთად ბრალი წარედგინათ დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გიორგი მიქაძეს, ელისო კილაძეს და კიდევ რამდენიმე პირს. 2026 წლის 19 თებერვალს სასამართლომ ფარცხალაძესა და სხვა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში ოთარ ფარცხალაძეს კიდევ ერთ საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა – საქმე ეხება 2017 წლის 12 მაისის შემთხვევას, როცა ერთ-ერთ კლუბში ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაშინდელ უფროსს, ლაშა თორდიას დაუპირისიპრდა. კერძოდ, როგორც ლაშა თორდია ყვებოდა, ფარცხალაძემ მას აგრესიულად მიმართა, შემდეგ კი მას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. 2018 წლის ნოემბერში ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. 2021 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, მიხეილ ჩოხელს, 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გარდა ამისა:
2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც სპორტის მაშინდელი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა.
ჩანაწერებში ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების შესახებ ჰყვებოდა.
მისი მონათხრობის მიხედვით: ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის ოფისში, სარდაფში აღმოჩნდა, სადაც ის გააშიშვლეს და გააკავეს; ყიფიანი ამბობდა, რომ ფარცხალაძემ მას ხელი დაარტყა, შემდეგ კი სცემეს;
ჩანაწერში ის ამბობს: „შევაგინე და მერე ხელი დამარტყა… გამლახეს რა“.
ოთარ ფარცხალაძემ საქართველო 2023 წლის 16 ოქტომბერს, დატოვა. ამის შესახებ 2023 წლის 19 ოქტომბერს განაცხადა მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისი განმარტებით, ფარცხალაძემ საქართველო სუს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა – ფარცხალაძე სუსში 15 სექტემბერს გამოჰკითხეს, ვინაიდან დაიწყეს აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების საკითხის შესწავლა.
ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგულაციაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავრცელებულიყო, თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს შესაბამის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ექნებოდა გამოტანილი.
ამ ცვლილებით ფარცხალაძეს საქართველოში საბანკო აქტივებზე შეზღუდვის გავრცელება ფაქტობრივად აარიდეს.
ეროვნულმა ბანკმა პოზიცია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და უდანაშაულობის პრეზუმფციით ახსნა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ განაცხადეს, რომ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს კვლავ დაიცავდნენ და ფარცხალაძისთვის გამონაკლისს არ დაუშვებდნენ. მათ პოზიციას სხვა კომერციული ბანკებიც შეუერთდნენ.