EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე დღეს პარლამენტის მიერ იზოლაცია/კარანტინის წესისა და საგანგებო მდგომარეობის დარღვევის შესახებ მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება და წერს, რომ „სახიფათო ცვლილებებმა” კიდევ უფრო გააძლიერა საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი რეპრესიული მექანიზმები.
იმნაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით პრობლემური ახლად დამატებული 359-ე პრიმა მუხლია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევისთვის სასჯელად 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ასეთი სასჯელის პროპორციულობა სადავოა და სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს, რაში სჭირდება სახელმწიფოს მსგავსი სიმკაცრის სანქცია (სასჯელიდან გამომდინარე, ეს ქმედება ითვლება მძიმე კატეგორიის დანაშაულად). ამავდროულად, ამ მუხლით ადამიანი შეიძლება დაისაჯოს როგორც პრეზიდენტის დეკრეტის, ისე მის საფუძველზე გამოცემული სხვა აქტების დარღვევისთვის. ასეთი მოწესრიგება ძალიან სახიფათოა, რადგან თუკი დეკრეტის თანაზომიერებას და გონივრულობას საბოლოოდ მაინც ამოწმებს პარლამენტი, დეკრეტის საფუძველზე მოგვიანებით მიღებულ აქტებს (დადგენილებებს) ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტი ვეღარ აფასებენ და მთლიანად მთავრობის ხელშია, რა შეზღუდვებს დაუწესებს მოქალაქეებს და რა უფლებამოსილებებით აღჭურავს საჯარო უწყებებს. ცალკე აღსანიშნავია ის, თუ როგორ მიიღო პარლამენტმა აღნიშნული კანონი და რამდენად უზრუნველყო ამ პროცესში მოქალაქეების თუნდაც მინიმალური ჩართულობა“, – წერს იმნაძე.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 10 000 ლარით. (არა საგანგებო მდგომარეობის დროს);
განმეორების შემთხვევაში კი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
აღნიშნული ჯარიმები ძალაში იქნება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო იქნება იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დაცვა.
საგანგებო მდგომარეობის დროს კი იზოლაცია/კარანტინის წესის დარღვევისთვის უფრო მკაცრი სანქცია დაწესდა. კერძოდ, იზოლაციის/ კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
რაც შეეხება განმეორებით შემთხვევებს, აქაც ქმედება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ეს სანქცია ვრცელდება ასევე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევაზეც.
ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.