საქართველოს პროკურატურამ 26 წლის წინ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის საქმეზე სპორტული წრის მაშინდელ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში არაერთხელ დაამყარა „სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან”, რომელიც იმ დროს 8-9 წლის იყო.
„საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების საქმეზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულის თაობაზე თავდაპირველად ინფორმაცია ორგანიზაცია „საფარმა გაავრცელა”. მათი ინფორმაციით, ერთი წლის წინ მათ ახალგაზრდა ქალმა მიმართა. „ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა”.
„საფარის” თქმით, საგანგაშოა ის გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.
ორგანიზაციისვე ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.