ოკუპირებულ ცხინვალში მიიჩნევენ, რომ „ჩინეთთან თანამშრომლობა ანეიტრალებს დასავლეთის ზეწოლას საქართველოზე“

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სააგენტო „ქართულ ოცნებას“ კურსს უწონებს.

სააგენტომ 9 ნოემბერს მასალა გამოაქვეყნა სათაურით – „ჩინეთთან თანამშრომლობა ანეიტრალებს დასავლეთის ზეწოლას საქართველოზე“.

მასალაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის შერყევას და საქართველოში პოლიტიკური წყობილების შეცვლას.  

ავტორების მტკიცებით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ძირითად მექანიზმებად ეკონომიკური შანტაჟისა და არასასურველი პოლიტიკოსების მიზანმიმართული დაშინების მეთოდები გამოიყენება.

„ქართველი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ბიზნესმენების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებასთან ერთად, დასავლეთი სამხედრო და ეკონომიკური უწყებების ხაზით თბილისის ფინანსური დახმარების პროგრამებს „ყინავს“, – ნათქვამია მასალაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური წრეების მუქარას არ ემორჩილება და „მტკიცედ აგრძელებს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის კურსს, რომელიც სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება“.

სააგენტო ციტირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ მათ დასავლეთის სანქციების არ ეშინიათ.

მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო „მხოლოდ პასიური წინააღმდეგობით არ შემოიფარგლება და აქტიურ, პრაგმატულ ალტერნატივასაც გვთავაზობს“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

სააგენტო ციტირებს ირაკლი კობახიძის სიტყვებსაც: „ჩინეთთან ვაჭრობა ძალიან სწრაფად იზრდება და საქართველოში ჩინური ინვესტიციებიც მატულობს. მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად წარმატებით იმუშაოს“, – თქვა მან 8 ნოემბერს.

მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებაა და სტატიის ავტორები საუბრობენ საქართველოში ჩინური ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობაზეც.

ტექსტში ნახსენებია ჩინური კორპორაცია CRRC-ის მიერ თბილისის მეტროსთვის დამზადებული 111 ახალი ვაგონი, ასევე შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანისა და მონაცემთა დამუშავების მსხვილი ცენტრების შექმნის პროექტები, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

დასკვნის სახით ავტორები აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის „მტრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს იზოლაციისა და შანტაჟის გზით მის დამორჩილებას ისახავს მიზნად, შედეგს ვერ აღწევს“ და პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს სუვერენული განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.