„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს და ციხიდან წერილს ავრცელებს

პუბლიკა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა ციხიდან წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს. მის წერილს TV პირველი ავრცელებს.

ჩაჩუას თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მისგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჟურნალისტის განცხადებით მისი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აქვს.

„ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს; ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია.

მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა.

ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიარების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“.

იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს.

დანარჩენზე – მოგვიანებით…”, – წერს ჟურნალისტი.

ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავებულია მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია. მას ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან.

ნოდარ ჩაჩუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით: 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.