„ლანჩხუთი“: პროტესტი არ შეწყდება, სანამ ფეხბურთელების უსაფრთხოებისა და ღირსების შელახვის ფაქტებს სათანადო სანქცია არ მოჰყვება

პუბლიკა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის წინ მორიგ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ აირჩიეს პროტესტის ეს გზა და რა შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს.

კლუბის განმარტებით, ისინი ბოიკოტს არ უცხადებენ ჩემპიონატს, მათი გადაწყვეტილება მხოლოდ კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩებს შეეხება.

კლუბის განცხადებაში განმარტებულია მათი პროტესტის მიზეზიც:

„წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია რომ დღეს გვიწევს იმის ახსნა, რაც საერთოდ არ უნდა იყოს სადავო: როგორ შეიძლება ჩემპიონატის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რომ სტადიონზე შემოჭრილმა პირებმა 16 წლის გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენონ? როგორ შეიძლება ნორმალურად მივიჩნიოთ ვიდეოკამერები ოთახში, რომელსაც ფეხბურთელები გამოსაცვლელად იყენებენ? ან როგორ შეიძლება საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცეს ის, რომ კლუბის მფლობელს ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი?

29 სექტემბრიდან თვეზე მეტი გავიდა. რა შეიცვალა? გატარდა რაიმე რეალური ღონისძიება ფეხბურთელთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად?

ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როდესაც გასულ წელს მოედანზე შემოჭრილი პირები ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. და რა მოჰყვა ამას? ჩვენი შეფასებით, სრულიად არაადეკვატური სანქცია – რამდენიმე მატჩის ჩატარება კასპის სტადიონზე, დიდი დიღმის ნაცვლად.

მაშინ თავი შევიკავეთ. ფიზიკურად დაზარალებულმა და ღირსებაშელახულმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა, სეზონი ბოლომდე ჩაატარა, რათა ჩემპიონატის მიმდინარეობისთვის საფრთხე არ შეექმნა. და რა მოხდა შემდეგ? სულ რაღაც სამ თვეში კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა!“, – წერია განცხადებაში.

კლუბი განმარტავს, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ფეხბურთელთა უსაფრთხოებასთან და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები სათანადოდ არ შეფასდება და პასუხისმგებელ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რეალური და პროპორციული სანქციები არ დაეკისრებათ.

მათი თქმით, შესაბამისი მექანიზმები უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებში არსებობს და მთავარია, ეს პრაქტიკაში გამოიყენონ წესების დამრღვევების მიმართ და არა მათ წინააღმდეგ, ვინც ამ დარღვევებზე საუბრობს.

კლუბი საუბრობს 20 წლის ფეხბურთელის საქმის სასამართლო გადაწყვეტილებაზეც.

„ლანჩხუთი“ წერს, რომ კლუბი სასამართლოს განაჩენს არ აფასებს ან მართლმსაჯულების ჩანაცვლებას არ ცდილობს. მათ იმედი აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლო კითხვებს უფრო მკაფიო და დასაბუთებულ პასუხს გასცემს.

„ლანჩხუთი“ ასევე წერს, რომ ეწინააღმდეგება მცდელობას, ვითარებას ორ კლუბს შორის დაპირისპირების სახე მიეცეს.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მცდელობას, შექმნილ ვითარებას ფეხბურთელთა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების სახე მიეცეს. ეს არ არის ფეხბურთელების დაპირისპირება. პირიქით, ჩვენი შეფასებით, ფეხბურთელებს შორის სოლიდარობა დღეს განსაკუთრებით ძლიერია.

თუ ეს შეეხება რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც, დაზარალებულის შეფასებით, სასამართლოში ბრალდებულის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება – ჩვენ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება არ შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ჩვენებების შეფასება სისხლის სამართლის საქმის პროცესის ნაწილია და არა ჩვენი კლუბის განსჯის საგანი.

„ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელებთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ჩვენი პროტესტის შემდეგ ორივე კლუბის ფეხბურთელებმა ეროვნულ ნაკრებში ერთმანეთის გვერდით ითამაშეს.

უფრო მეტიც, „ნიკე-ლუსოში“ არაერთი ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის ჩვენი კლუბის აღზრდილებიც. მათთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიპოვებია და ეს ისტორია არსად გამქრალა.

შესაძლოა, როგორც კლუბს, გვწყინდეს, როდესაც ფეხბურთელი სხვა გუნდს ირჩევს, მაგრამ ეს არ გადაგვყავს პიროვნულ დაპირისპირებაში. თუ შექმნილი ვითარების გამო დღეს ჩვენი კლუბის კარი მათთვის დროებით დახურულია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე სამუდამოდ დარჩება.

ჩვენი პროტესტი მიმართულია არა ფეხბურთელების, არამედ ძალადობის, დაუსჯელობისა და უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფის წინააღმდეგ. და ბოლოს, მათ, ვისთვისაც დღეს მთავარი ჩემპიონატის ნებისმიერ ფასად გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ:

ფეხბურთი ადამიანებისთვის არსებობს და არა ადამიანები – ჩემპიონატისთვის. არცერთი ტიტული, არცერთი სატურნირო ცხრილი და არცერთი მატჩი არ ღირს ადამიანის უსაფრთხოებად, ჯანმრთელობად და ღირსებად!“, – წერს „ლანჩხუთი“.

„ნიკე-ლუსოსთან“ თამაში დღეს 14:00-ზეა დაგეგმილი. „ლანჩხუთმა“ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ თამაშს არ აპირებენ.

დღეს გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, არ შედგება არც დეკემბერში ჩანიშნული თამაში.

„ნიკე-ლუსო“ წერს, რომ „ლანჩხუთი“ კვლავ აგრძელებს ცილისწამებას. მათი მტკიცებით, „მათი მოთხოვნა „სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“ მოთხოვნადვე დარჩება, ვინაიდან „ძალადობა“ არ არსებობს.

„თუ არ თამაშობ „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ, მაშინ საერთოდ რატომ თამაშობ?“, – წერს კლუბი.

„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ე.წ პროტესტის ადრესატი არა „ნიკე-ლუსო“ არამედ სასამართლო ხელისუფლებაა. ვინაიდან საქმის განხილვის დროს ქსკ „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსს“ წინააღმდეგ არაერთი მატჩი ჩაატარა.

მათვის მიუღებელია სამართლიანი, დასაბუთებული, ლოგიკური და ჭეშმარიტი გადაწყვეტილების არსებობა, რადგან იციან, რომ მათვის მიუღებელი გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „ნიკე-ლუსო“ კიდევ უფრო გაძლიერდა.

როგორც ჩანს შიში ძლიერი მეტოქის მიმართ მხოლოდ ილუზია არ არის და შიშისაგან თავის დაღწევის გზა არასპორტული, არასაფეხბურთო გადაწყვეტილება, ე.წ „პროტესტია“.

ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება არის შანსი, დაინახო შენი მაქსიმუმი, ალბათ ეს მაქსიმუმი ბევრჯერ დაინახეთ. ფეხბურთის გამოყენება პროპაგანდული მიზნებისთვის აბინძურებს ფეხბურთს, მაგრამ გახსოვდეთ ,„ნიკე-ლუსო“ არ ისვრება“, – წერია „ნიკე-ლუსოს“ განცხადებაში.


„ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი „ლანჩხუთმა“ პირველად 29 სექტემბერს თქვა, როცა მოედანზე, მსაჯის სასტვენისა და თამაშის ოფიციალურად დაწყების შემდეგ საპროტესტო ბანერი გაშალა და თამაში ჩაშალა. „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი გუნდ „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებულ ძალადობის შემთხვევებს და კლუბის ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეს უკავშირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლე გიორგი არევაძემ 22 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.

უიარი საქმეზე დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.

რაც შეეხება გასახდელში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს – აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერები აღმოაჩინეს.