თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, „რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან.
„დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს.
არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების – ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, – თქვა კალაძემ.
ამასთან, მან თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად.
„აქვე მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში – პარასკევი, შაბათი, კვირა.
მოვაწყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მივცეთ“, – თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა.
მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 27 ოქტომბერს მოხდა – მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეების დახლები აიღო.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის ალტერნატიული ადგილი არ გამოუყვიათ. მათი თქმით, შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ.