23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ორ მათგანს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება, ერთს კი – ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა.
აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი.
სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განხორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.
2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება.
ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა.
თემურ ხადური დაკარგულად ითვლებოდა 2024 წლის 25 აგვისტოდან, ხოლო მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს.
ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.
ოჯახის თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.
ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა.
ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა, თუმცა, დაუდგენელია, როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები.
თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ეჭვობს, რომ ბიჭს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და „შემოაკვდათ“, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს.