ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა. სასამართლოს განაჩენის შესახებ როგავას საქმის ახალმა პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სატელეფონო ზარით შეატყობინა.
როგავას თქმით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
აღნიშნულ საქმეზე ჟურნალისტის მოლოდინი იყო, რომ განაჩენის გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის სტატუსით უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, პროკურორის განმარტებით, სასამართლომ და დაცვის მხარემ უდაოდ ცნეს დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი და ჟურნლისტის გამოკითხვა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
როგორც გურამ როგავა ამბობს, განაჩენი მოსამართლემ ისე გამოაცხადა, რომ დაზარალებული არ გამოუკითხავს და არც „მისი პოზიციით არ დაინტერესებულა”. ჟურნალისტი საქმეში არსრბულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ე.წ. მტკიცებულებები რეალურად ცარიელი ფურცლებია. როგავა საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ „პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე”.
გურამ როგავას თქმით, რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, „რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს”.
რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა და „ცრუ აღიარების” სანაცვლოდ, ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო.
განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა.
გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.
5 მაისს ფორმულას ეთერში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“, სადაც ნათქვამი იყო, რომ არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა გამოავლინეს.
8 მაისს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს – გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქმეს გრიფი „საიდუმლო” დაედო და სასამართლო სხდომები სრულად დახურულ რეჟიმში იყო წარმართული.