ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას ხელი 40-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც მოაწერა

პუბლიკა

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, რომელიც 12 ნოემბერს დუბლინში გაიმართა, ევროპის 40-მა ქვეყანამ ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტის ხელმომწერებს შორის საქართველოც არის. დეკლარაცია საფრანგეთმა მოამზადა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისა და ევროპის სტაბილურობისთვის მზარდი საფრთხეების ფონზე, ხელმომწერი ქვეყნები ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებასა და საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვას საერთო მიზნად მიიჩნევენ.

ხელმომწერი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ისინი ხაზს უსვამენ უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას და აცხადებენ, რომ შესაბამისი ქვეყნები მზად არიან, ასეთი გარანტიები გასცენ, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება თავიდან აიცილონ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს ხელმომწერი ქვეყნების ერთგულებას უკრაინისადმი.

დეკლარაციის თანახმად, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ნებისმიერი საკითხი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება, ევროპელების მონაწილეობით უნდა გადაწყდეს.

დეკლარაციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის მომავალი უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

დოკუმენტის პირველ ნაწილში ხელმომწერი ქვეყნები ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს განსაზღვრავენ. მათ შორისაა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის სახელმწიფოებს კონტინენტის უსაფრთხოებაზე პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ისინი ამ მიმართულებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, რაც ასევე დადებითად უნდა აისახოს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.

ხელმომწერები ადასტურებენ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო სივრცის დაცვის აუცილებლობა, როგორც დემოკრატიული მდგრადობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები.

დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლად რჩება. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას და ტრანსატლანტიკური კავშირისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ალიანსის კოლექტიურ თავდაცვაზე, შეერთებულ შტატებსა და კანადასთან თანამშრომლობის პარალელურად.

ევროკავშირის წევრი ხელმომწერი ქვეყნები კი უფრო ძლიერი და ქმედითი ევროკავშირის შექმნის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლება არსებულ და სამომავლო გამოწვევებსა და საფრთხეებთან გამკლავება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება, რომელიც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს წარმოადგენს, მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში გეოსტრატეგიული ინვესტიციაა და კონტინენტის უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

დეკლარაციის მეორე ნაწილი საერთო მიზნებს განსაზღვრავს. მათ შორისაა ეროვნული და კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა, რისკების მართვის მექანიზმების განვითარება და ევროპის თავდაცვის მრეწველობის გაძლიერება.

ხელმომწერი სახელმწიფოები ასევე შეთანხმდნენ, გააღრმაონ სტრატეგიული დიალოგი ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის, ადამიანებით ვაჭრობის, უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიწოდების უსაფრთხოებასაც. სახელმწიფოები აცხადებენ, რომ იმუშავებენ კრიტიკული კომპონენტებისა და მასალების მიწოდების ჯაჭვებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და სავაჭრო პარტნიორობის დივერსიფიკაციისთვის.

დეკლარაციის ცალკე პუნქტი ეხება შავი ზღვის მნიშვნელობას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ხელმომწერი ქვეყნები ხაზს უსვამენ ნავიგაციის თავისუფლებისა და კომერციული საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების აუცილებლობას, განსაკუთრებით შავ ზღვაში, და აღნიშნავენ, რომ ყველა საზღვაო მარშრუტის შეუფერხებელი ფუნქციონირება გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია.

დეკლარაციას ხელი მოაწერეს: ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მოლდოვამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სან-მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა.

დოკუმენტისთვის ხელი  არ მოუწერიათ: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს, სერბეთს, შვეიცარიას, თურქეთს და კანადას.