კალასი: სირიასთან განახლებული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება იქნება

პუბლიკა

კაია კალასის თქმით, სირიასთან განახლებული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება იქნება.

კალასმა განცხადება საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ სირიასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი განიხილავს სირიასთან 2008 წელს მოლაპარაკებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც მხარეებს თანამშრომლობისთვის საჭირო ჩარჩოს შეუქმნის. პარალელურად კი დაიწყება მუშაობა ახალი, მოდერნიზებული შეთანხმების მანდატზე.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა ახალი შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით არაერთი საკითხი წამოჭრეს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვის მკაფიო ვალდებულებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი.

„მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს, და წევრი სახელმწიფოების მიერ შეთავაზებული სხვა საკითხები. ამჟამად სამუშაო ჯგუფებში ვმუშაობთ ტექნიკური და სამართლებრივი დეტალების შეთანხმებაზე, თუმცა ამ მიმართულებით წინ მივიწევთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისივე განცხადებით, 2008 წლის ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია და ამ ეტაპზე საკითხი მხოლოდ მის ხელმოწერას ეხება. თუმცა, რადგან 2008 წლის შემდეგ არაერთი ახალი საკითხი წარმოიშვა, მათი გათვალისწინება სწორედ ახალი, მოდერნიზებული შეთანხმების ფარგლებში იგეგმება.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ძველი შეთანხმების ხელმოწერის საკითხი და ახალი შეთანხმებისთვის მოსამზადებელი პირობები ამ ეტაპზე ერთმანეთისგან გამიჯნულია.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში აღიარა. ამასთან, ასადის ლიდერობით სირიამ მხარი დაუჭირა მოსკოვის არაერთ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ივლისს განაცხადა, რომ ბრიუსელი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სირიის ხელისუფლებაზე, რათა ოფიციალურმა დამასკომ „გადახედოს თავის სუვერენულ გადაწყვეტილებას და გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება“.

21 ივლისსვე „კოალიციამ ცვლილებისთვის“ ევროკომისიას მიმარა წერილით, სირიასთან კომუნიკაციისას „კიდევ უფრო გაააქტიუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი“. მათ წერილს მალევე უპასუხა ევროკომისიამ და განაცხადა, რომ ითვალისწინებს ქართველი პოლიტიკოსების „მოსაზრებებს სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას ამ საკითხის წამოჭრის მნიშვნელობის შესახებ“.