„კოალიცია ცვლილებისთვის“: ვაგრძელებთ მუშაობას სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გასაუქმებლად

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ აგრძელებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.

კოალიცია მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის.

„იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ერთ-ერთ ბრალდებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საქმიანობას უყენებს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ აგრძელებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.

გუშინ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება – სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ.“

აღნიშნულით დასტურდება, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს.

21 ივლისს კოალიციამ სპეციალური მიმართვები გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო 14 სექტემბერს კოალიციას ევროკომისიის ოფიციალური კორესპონდენციით ეცნობა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სირიის ხელისუფლებასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში შეიტანდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს.

აღნიშნული თემა ჩვენი საგარეო კომუნიკაციის მუდმივ და უცვლელ საკითხად რჩება.

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი.

მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, სირიასთან განახლებული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება იქნება.

კალასის განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს სირიასთან 2008 წელს მოლაპარაკებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც მხარეებს თანამშრომლობისთვის საჭირო ჩარჩოს შეუქმნის. პარალელურად კი დაიწყება მუშაობა ახალი, მოდერნიზებული შეთანხმების მანდატზე.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა ახალი შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით არაერთი საკითხი წამოჭრეს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვის მკაფიო ვალდებულებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში აღიარა. ამასთან, ასადის ლიდერობით სირიამ მხარი დაუჭირა მოსკოვის არაერთ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ივლისს განაცხადა, რომ ბრიუსელი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სირიის ხელისუფლებაზე, რათა ოფიციალურმა დამასკომ „გადახედოს თავის სუვერენულ გადაწყვეტილებას და გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება“.

21 ივლისსვე „კოალიციამ ცვლილებისთვის“ ევროკომისიას მიმარა წერილით, სირიასთან კომუნიკაციისას „კიდევ უფრო გაააქტიუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი“. მათ წერილს მალევე უპასუხა ევროკომისიამ და განაცხადა, რომ ითვალისწინებს ქართველი პოლიტიკოსების „მოსაზრებებს სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას ამ საკითხის წამოჭრის მნიშვნელობის შესახებ“.