თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო გამოწვევებზე, მიზეზებსა და მოგვარების გზებზე „ფეისბუქ“ მიმართვაში ისაუბრა.
„ძალიან კარგად მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობის გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.
ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა.
ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის, ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საცობების შემცირება და გადაადგილების გაუმჯობესება, მოვაწესრიგოთ, განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და როგორც გითხარით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩვენთვის“, – თქვა მან.
კალაძის განმარტებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიური საცობები გაორმაგებულ სატრანსპორტო დატვირთვას უკავშირდება. როგორც ის ამბობს, 2026 წლის მეორე კვარტალში ქალაქში 948 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტირებული. ამას კი ემატება დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოსული ადამიანების რაოდენობა.
„არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, – ამბობს ის.
კალაძის მტკიცებით, ქალაქის გეოგრაფია, რელიეფი და ისტორიული უბნები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პრობლემა მხოლოდ გზების მუდმივი გაფართოებითა და ესტაკადების შენებით მოგვარდეს.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხოვნის პრინციპით, ავტომობილების დამატებით ნაკადებს იზიდავს. მან ამის მაგალითებად გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძი და აღმაშენებლის ხეივანი დაასახელა.
„გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძზე არსებული ესტაკადების მიუხედავად, ავტომობილების გაზრდილი ნაკადის პირობებში მოძრაობა კვლავ ფერხდება. აღმაშენებლის ხეივანზეც კარგად ჩანს, როგორ შეიძლება ფართო გზიდან შედარებით შეზღუდული გამტარუნარიანობის მონაკვეთზე გადასვლამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს.
ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ უნდა აშენდეს. სადაც კონკრეტული პროექტი აუცილებელ სატრანსპორტო კავშირს ქმნის და მისი ეფექტიანობა შესაბამისი კვლევებით დასტურდება, ასეთი პროექტები უნდა განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა მულტიმოდალურ სისტემაზე და აღნიშნა, რომ „ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა“ და მთავარი ამოცანა არა უსასრულოდ მეტი ავტომობილის გატარება, არამედ მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებაა.
„საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა.
2017 წლიდან სწორედ მულტიმოდალურ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ სატრანსპორტო გეგმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება შესაბამისი კვლევებისა და სატრანსპორტო მოდელირების საფუძველზე. ამ მიდგომით განვაახლეთ ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან დედოფლის, მელიქიშვილის გამზირები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები. ამავე პრინციპით ხორციელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც.
მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად შეიკრას ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელი, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს სწრაფად და პროგნოზირებად დროში. გრძელდება მეტროს მოდერნიზაციაც. იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება“, – თქვა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დაწყებულია ტრამვაის პროექტის განხორციელების პროცესი, რომელიც დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
„გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება“, – აღნიშნა მან.
კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია არსებულ გამოწვევებს ხედავს და მათი მოგვარების გზებზე მუდმივად მუშაობს.
„ერთი რამ ცხადია – თუ დღეს მხოლოდ დროებითი კომფორტისთვის უარს ვიტყვით აუცილებელ ცვლილებებზე, ხვალ გაცილებით უფრო რთული სატრანსპორტო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მინდა, თითოეულ თბილისელს ვუთხრა – ძალიან კარგად მესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი გზების, ავტობუსის ზოლების, მეტროსადგურებისა თუ სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ვმუშაობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული ვითარება“, – თქვა კახა კალაძემ.