„რუსულმა ჰუმანიტარულმა მისიამ“ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურმა უნივერსიტეტმა თბილისში რუსული ენის მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს. კრასნოდარში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან რუსეთის განათლების სამინისტროს დავალებით თანამშრომლობს და ამ რეგიონებში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს.
მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 ნოემბერს ჩატარებული მასტერკლასი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის მხარდაჭერით გაიმართა. კურსში მონაწილეობდა რუსული ენის 27 მასწავლებელი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან, მათ შორის გორიდან, ქარელიდან, რუსთავიდან და ასპინძიდან.
მასტერკლასებს უძღვებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის ლექტორები ეკატერინა პატრუშევა და ინა რეშეტოვა. პედაგოგები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს რუსული ენის სწავლების პროცესში, მათ შორის სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების შექმნას, ვიზუალიზაციას, ფონეტიკისა და აუდიოგაგების სწავლებას, გაკვეთილების დაგეგმვასა და მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას.
„ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტი კოლეგებთან ურთიერთობა, მათი მადლიერების სიტყვები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკუთარი იდეებისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ეს თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, რომლებსაც ძალიან უყვართ ბავშვები და გულწრფელად შესტკივათ გული რუსულ ენაზე“, – განაცხადა ინა რეშეტოვამ.
„რუსული ჰუმანიტარული მისიის“ ინფორმაციით, ისინი საქართველოში რამდენიმე წელია ახორციელებენ პროექტებს საეკლესიო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და აღჭურვის, საეკლესიო სასწავლო დაწესებულებებისა და სოციალური საქველმოქმედო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით.
2025-2026 წლებში თბილისში, „რუსული ჰუმანიტარული მისიის“ მხარდაჭერით, რუსული ენის მასწავლებლებისთვის სამი პირისპირ სასწავლო კურსი გაიმართა.
რაც შეეხება კრასნოდარში მდებარე ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტს, ის 2013 წლიდან რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს სახელმწიფო დავალებით ამიერკავკასიის რეგიონში საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს ახორციელებს. უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანმანათლებლო უწყებებსა და უნივერსიტეტებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები, სამეცნიერო ფორუმები და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ღონისძიებები. 2025 წელს უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით მორიგი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 751 ადამიანი გადაამზადა.