IPI გურამ როგავას საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

პუბლიკა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველი ჟურნალისტის გურამ როგავას საქმეს ეხმაურება და გმობს მის ჩამოშორებას სასამართლო პროცესებიდან, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას მასზე პოლიციელის თავდასხმას უკავშირდება.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, მას სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან პროცესები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 

IPI-ის შეფასებით, მიუხედავად ამ საქმეზე დამდგარი განაჩენისა, საქმეში „კვლავ არსებობს სერიოზული კითხვები როგორც თავდამსხმელის იდენტიფიცირების, ისე გამოძიების ეფექტიანობის შესახებ”. თავად როგავა არ ეთანხმება იმას, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა სწორედ ბრალდებულმა განახორციელა.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ეს საქმე საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის კიდევ ერთი მაგალითია. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციელებისა და სხვა პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

„საქართველოში დაუსჯელობის ციკლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ყველა დამნაშავეს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. IPI კვლავაც მოითხოვს სამართლიანობის სრულად აღდგენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას ყველა იმ პირისთვის, ვინც პროფესიული საქმიანობის გამო ქართველ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობდა” – ვკითხულობთ განცხადებაში.

12 ნოემბერს ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა. სასამართლოს განაჩენის შესახებ როგავას საქმის ახალმა პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სატელეფონო ზარით შეატყობინა.

ჟურნალისტის თქმით, რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, „რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს”.

გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.