საია: მნიშვნელოვანია გამოძიება დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარიმართოს

პუბლიკა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

დღეს, 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ ერთ ბავშვს.

საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის უვნებლად პოვნით დასრულდება.

ორგანიზაცია მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ ცნობას აფასებს და წერს, რომ „თბილისი ენერჯი“, როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება და სისტემატური შემოწმება.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ითვალისწინებს სისტემის ოპერატორის ვალდებულებებს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მომარაგებასთან დაკავშირებით. მათ შორის, დადგენილებით განსაზღვრულია ოპერატორის ვალდებულება, უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, აწარმოოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება.

მნიშვნელოვანია, გამოძიება დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარიმართოს. სათანადოდ უნდა იქნეს შესწავლილი, რამდენად ამომწურავად იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა, მათ შორის, რამდენად იყო დაცული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, მნიშვნელოვანია, შეფასების საგანი გახდეს ისიც, თუ რამდენად ეფექტიანია ბუნებრივი გაზის ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“. – წერს საია.

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და წლის განმავლობაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდება. ასევე, მისი განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ დაფიქსირებულა.