საელჩოები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

პუბლიკა

საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

საელჩოები თანადგომას უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა:

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას და თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“.

ბრიტანეთის საელჩო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.

საფრანგეთის საელჩო:

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულებისა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ. თანადგომის ნიშნად, კვირას, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება.

გერმანიის საელჩო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ. ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ რთულ დროს. განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. თანავუგრძნობთ დაზარალებულთა ახლობლებს და მთელ საქართველოს“.

შვედეთის საელჩო:

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“.

პოლონეთის საელჩო:

„თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ.

დაშავებულებს ვუსურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას.

ამ მძიმე დროს თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს“.

 თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი: 

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“.

სომხეთის საელჩო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის გამო.

ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ნუგეში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს“.

ესტონეთის საელჩო:

„ვუსამძიმრებთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს,

ამ უმძიმეს წუთებში, გამძლეობას და ნუგეშის პოვნას ვუსურვებთ!“.

ლატვიის საელჩო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო.

ვუსამძიმრებთ დაზარალებულთა ოჯახის წევრებს. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ“.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი:

„თბილისში, ქალაქში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უმძიმესი ტრაგედია მოხდა.

საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ და ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგიკულმა სიკვდილმა, განსაკუთრებით კი იმ ბავშვის დაღუპვამ, რომლის სიცოცხლეც ნაადრევად შეწყდა, გული ტკივილით ამივსო.

სახლი სიცოცხლისათვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. ადგილი, სადაც სიმშვიდე სუფევს, ბავშვების სიცილი ისმის და ოჯახის წევრები ერთად არიან. ნამდვილად მძიმეა იმის წარმოდგენა, რომ ასეთი სახლი ერთ წამში შეიძლება მწუხარებისა და დანაკარგის ადგილად იქცეს. ამ მძიმე წუთებში მხოლოდ შეგვიძლია თანაგრძნობა გამოვხატოთ იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც მათთვის ძვირფასი ადამიანები დაკარგეს და გამოჯანმრთელება ვუსურვოთ დაშავებულებს.

გულითად სამძიმარს ვუცხადებ თბილისის მოსახლეობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მძიმე წუთებში დაზარალებული ოჯახების გვერდით არიან. ასევე, ქედს ვიხრი მაშველებისა და მეხანძრეების წინაშე, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

ამ მწუხარებას უცხო ადამიანის თვალითა და განწყობით ვერ შევხედავ. ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და ყოველთვის უნდა გავიზიაროთ ამ ქალაქის სიხარულიცა და ტკივილიც.

ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს გადარჩენილ პატარა თაიას ვუსურვებ ჯანმრთელობას“.

ისრაელის საელჩო:

„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“.

გაერო:

„გაერო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. თანავუგრძნობთ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს“.

იაპონიის საელჩო:

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შესახებ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და გამოვხატავთ მათ მიმართ ღრმა თანაგრძნობას. ასევე, გულწრფელად ვლოცულობთ დაშავებულთა სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“.

მასალა განახლებადია


ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულები არიან: ნინო ჭელიძე და მისი შვილი ნუცა ფხალაძე; ვერიკო ვანიშვილი და მისი შვილი არიანა; ლალი შიშმანაშვილი; ჯაბა საყევარაშვილი.

საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა.

ნანგრევებში მოყოლილებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლისა 9 თვის თაია გადარჩა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს კიდევ 4 დაშავებული. მათგან ერთ-ერთის, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.