ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ბინებს შეუძენს. ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა და ეკატირინე ივანიშვილების სამძიმრის წერილში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს.
მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს.
ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს” – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა – ნინო ჭელიძე და მისი შვილი ნუცა ფხალაძე; ვერიკო ვანიშვილი და მისი შვილი არიანა; ლალი შიშმანაშვილი და ჯაბა საყევარაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.