მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე დღეს სინდისის 7 პატიმარი გათავისუფლდა.
ესენი არიან: გიორგი ოკმელაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, დავით ლომიძე, თემურ ზასოხაშვილი და სამთავრობო „TV იმედის“ ინფორმაციით, ირაკლი მეღვინეთუხუცესი.
ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
გათავისუფლებულთაგან ორი – გიორგი ოკმელაშვილი და ირაკლი მეღვინეთუხუცესი – 2024 წლის მაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს, დანარჩენები კი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე გააჟღერა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მარკეტინგულ სფეროში მომუშავე რეჟისორი და პროდიუსერი, გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
მან ციხეში 2 წელი და 6 თვე გაატარა.
„როკ-ენ-როლი გრძელდება, უხერხული იყო, სხვა ვერაფერს გეტყვით. 414-ს მოკითხვა“, – თქვა ციხის დატოვების შემდეგ ოკმელაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას, უპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა.
„ალბათ, როგორც ვიყავი, ისევ ისე, არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ბევრი წიგნი წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის პატრულს. მართალი რომ გითხრა, გარეთ რა ხდებოდა ბევრი არაფერი არ ვიცი. აი, გავარკვევ ცოტა ხანში. [სინდისის პატიმრებს] გამძლეობა მინდა ვუსურვო და მალე თავისუფლება. თავისუფლების ფასი არაფერია“, – განაცხადა ოკმელაშვილმა
პროკურატურის ინფორმაციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
პოლიციელს, რომელზე „თავდასხმასაც“ მას ედავებოდნენ, იდაყვის დარტყმით ტუჩთან სისხლნაჟღენთი ჰქონდა.
„სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად“ – წერია დაზარალებულის ექსპერტიზის დასკვნაში.
ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დააკავეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჯავახიშვილმა თქვა, რომ სხვა პატიმრებმა უნდა გამოიყენონ შეწყალების მექანიზმი, რადგან ეს ციხიდან გამოსვლის ალტერნატივაა.
„ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე… სიმართლე გითხრათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა, ყველა პატიმრისთვის ემოციურია… მეტ დეტალებზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. […]
თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო. არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები“, – თქვა ჯავახიშვილმა.
პროკურატურა მას თავდაპირველად 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
კიდევ ერთ გათავისუფლებულს, გიორგი მინდაძეს პროკურატურა გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა, რითიც მას, ბრალდების პოზიციით, ფეხზე დამწვრობა მიადგა.
მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
„სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, – განაცხადა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ.
თავისუფლება უსურვა დანარჩენ პატიმრებს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა, ანრი კვარაცხელიამ. მისი თქმით, შეწყალების მოლოდინი არ ჰქონდა.
„ჩვეულებრივი მომენტია, ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთის საქმის თვითონ იციან! მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ. არ ველოდი, სიმართლე რომ გითხრათ”, – თქვა კვარაცხელიამ.
პროკურატურა ანრი კვარაცხელიას მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, რაც უწყების პოზიციით, პოლიციელზე თავდასხმას წარმოადგენს. მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2025 წლის 18 ივლისს მიუსაჯა.
კვარაცხელიას საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილიც.
პროკურატურა მათ პოლიციელებისა და წყლის ჭავლის მანქანისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. საქმეში ფიზიკური დაზიანება დაზარალებულად ცნობილ პირებს არ აქვთ.
ლომიძესა და ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2025 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა.
სამთავრობო პროპაგანდისტული „TV იმედის“ ინფორმაციით, პატიმრობიდან გათავისუფლდა ირაკლი მეღვინეთუხუცესიც.
მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლი – მარიხუანის ფლობა – რაზეც მას ამნისტია შეეხო, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის მუხლის საფუძველზე [353 პრიმას პირველი ნაწილი] სასჯელის ზომად და სახედ 5 წელის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ის საპროტესტო აქცია დანით იმყოფებოდა, პროკურატურის პოზიციით, მან დანა მოუღერა აქციაზე მყოფ პოლიციელებს. იარაღის წართმევის დროს კი დაზიანება მიიღო პოლიციის თანამშრომელმა.
მეღვინეთუხუცესის ადვოკატის მერაბ ცუხიშვილის თქმით, მეღვინეთუხუცესის განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაზიანება და რომ მას დანა მხოლოდ სადემონსტრაციოდ ჰქონდა აწეული.