ქარტია შსს-ს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოების დაცვისა და მის წინააღმდეგ კამპანიის გამოძიებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამოქალაქო აქტივისტის, ბლოგერისა და პლატფორმა „მისმინეს“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული დისკრედიტაციის კამპანია და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ქარტიის განცხადებით, ბოლო დღეებში რაზმაძე სოციალურ ქსელებში მასშტაბური და მრავალფეროვანი თავდასხმის სამიზნე გახდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ფეისბუქსა და ტიკტოკზე საეჭვო წარმომავლობის გვერდები მის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებსა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ქარტია განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს რაზმაძის იმპერსონაციის მცდელობებს — მისი იდენტობის გამოყენებით აუდიტორიისთვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ვიდეოებში სწორედ ის საუბრობს და მოქმედებს. განცხადების თანახმად, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა დაუდგენელი პირების მიერ სოციალურ ქსელებში რაზმაძის მობილური ტელეფონის ნომრის გასაჯაროებამ.

„ამგვარი ქმედება სამეცნიერო ლიტერატურაში doxing-ის სახელითაა ცნობილი და მისი მიზანი ადამიანების შევიწროება, დაშინება, შერცხვენა ან მათთვის ზიანის მიყენებაა“, — აღნიშნავს ქარტია.

ორგანიზაციის შეფასებით, რაზმაძის წინააღმდეგ მტრული განწყობის შექმნა და მძიმე დანაშაულის შესახებ ყალბი მტკიცებულებების გავრცელება განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ონლაინსივრცეში წარმოებული კოორდინირებული სიძულვილის კამპანია შესაძლოა სწრაფად გადავიდეს ფიზიკურ სივრცეში და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნას.

ქარტიის ცნობით, თორნიკე რაზმაძე უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას უარყოფს და სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს, თუმცა მისი უსაფრთხოება ამ დრომდე დაცული არ არის.

განცხადებაში ასევე საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პასუხზე, როდესაც მას ჰკითხეს, დაიწყებოდა თუ არა რაზმაძის მიმართ გაჟღერებული მუქარის გამოძიება და რას ფიქრობდა იმაზე, რომ მუქარა „ქართული ოცნების“ წევრ დიტო სამხარაძეს უკავშირდებოდა. ქარტიის თანახმად, კობახიძემ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა: „დიტო სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაადგინოს, ვინ დგას სიძულვილის სავარაუდო კოორდინირებული კამპანიის უკან, ვინ და რა მიზნით მონაწილეობს მასში, შეაფასოს არსებული რისკები და უზრუნველყოს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოება.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს რაზმაძეს და ყველა იმ ჟურნალისტს, ბლოგერსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის, გამოთქმული მოსაზრებებისა თუ პროფესიული საქმიანობის გამო სოციალურ ქსელებში კოორდინირებული თავდასხმების სამიზნეები გახდნენ.


23 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

კერძოდ, რაზმაძის ინფორმაციით, „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში მისი ტელეფონის ნომერი ვრცელდება მინაწერით, თითქოს ის ნარკოტიკს ყიდის.

„ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს“, – წერს თორნიკე რაზმაძე.

„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.

„მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა რამდენიმე „ფეისბუქ“ გვერდსა და Tiktok ანგარიშზე გამოქვეყნებული მასალა და დაასკვნა, რომ გავრცელებული ვიდეოები, სადაც თორნიკე რაზმაძე 1. ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს; 2. კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს, როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.