მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, მოგვიანებით კი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებები გამართა და მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა.
ქართული და აზერბაიჯანული მედიების მიერ გავრცელებული ცნობებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა, შუა დერეფნის განვითარება, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი მან პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.
„გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და შუა დერეფნის განვითარების ახალი შესაძლებლობები“, – წერს ბოჭორიშვილი Facebook-ზე.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს და მნიშვნელოვანია არსებული პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაიხსენეს ილჰამ ალიევის 2026 წლის აპრილში საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი და აღნიშნეს, რომ ვიზიტმა დადებითი შედეგები მოიტანა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობასა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ალიევმა და ბოჭორიშვილმა ასევე განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა, შუა დერეფნის განვითარება და შავი ზღვის გავლით მწვანე ენერგიის გადაცემის პროექტები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ალიევთან შეხვედრაზე განიხილეს როგორც ეკონომიკური თანამშრომლობა, ისე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მისივე თქმით, მხარეებმა სამომავლო ვიზიტების საკითხზეც იმსჯელეს.
ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას. აზერბაიჯანული სახელმწიფო მედიის ცნობით, მოლაპარაკებები შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს.
ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად 145 სხვადასხვა შეთანხმება და დოკუმენტი მოქმედებს, დამატებით 18 დოკუმენტზე კი მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, მათი მომზადება უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.
მინისტრებმა ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ინვესტიციების წახალისებაზე, ბიზნესკავშირების გაფართოებასა და ვაჭრობის დივერსიფიკაციაზე.
ენერგეტიკის მიმართულებით განიხილეს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება და ტრანზიტი, ასევე საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბულგარეთის თანამშრომლობა მწვანე ენერგეტიკის სფეროში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების მნიშვნელობას.
ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბოჭორიშვილმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველო მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და მიიჩნევს, რომ ეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
„საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა TRIPP-ის ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები მნიშვნელოვანია.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ბაირამოვმა ქართველ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა სომხეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით ბაქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნასა და საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის დაწყებაზე. მან ამ პროცესში საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი.
ბოჭორიშვილმა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარება დღეს რეგიონისთვის გეოეკონომიკური აუცილებლობაა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოცდილებას ფლობენ, რომლის გამოყენებაც უფრო ფართო რეგიონული მიზნებისთვისაც შეიძლება.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო–თბილისი–ბაქოს სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ექვსწლიანი შეწყვეტის შემდეგ აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მან ყურადღება გაამახვილა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციაზეც, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.
ბაირამოვის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში. ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს მომდევნო წელს საქართველოში უმასპინძლა შესთავაზა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ეფუძნება ხანგრძლივ მეგობრობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემას. მისი განცხადებით, ორივე ქვეყანა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულია.
ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაპირველი ინფორმაციით, დაგეგმილი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთანაც.