საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება ძალაში 2027 წლის 1 თებერვლიდან შევა.
რას ნიშნავს ეს? ვისაც შემოსავალი მხოლოდ ლარში აქვს, სესხს დოლარში ვერ აიღებს, თუ თანხა 1.5 მილიონზე ნაკლებია.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, სები ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად მუშაობას აგრძელებს.
უწყების შეფასებით, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციით, არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.