ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის მომზადებაზე შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 563 265 ლარს შეადგენს.
წინადადებების მიღება 7 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
გენერალურმა გეგმამ უნდა განსაზღვროს აეროპორტის განვითარების მკაფიო, გრძელვადიანი ხედვა, რომელიც 50 წლამდე პერიოდზე იქნება გათვლილი და უზრუნველყოს მისი წლიური გამტარუნარიანობის მინიმუმ 20 მილიონ მგზავრამდე გაზრდის შესაძლებლობა.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი აეროპორტის საპროექტო ტერიტორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კილომეტრში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარეობს და 500 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს.
გენერალური გეგმის მოსამზადებლად გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვე განესაზღვრება.
გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს სახმელეთო და მისასვლელი გზების ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ახალი სარკინიგზო ხაზისა და მეტროს შესაძლო კავშირებისთვის შესაბამისი დერეფნების გათვალისწინებასა და რეზერვირებას.
შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება მიზნად ისახავს მის ჩამოყალიბებას „ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელ წამყვან მულტიმოდულურ სამგზავრო და სატვირთო ჰაბად”.
სატერმინალო ინფრასტრუქტურის ნაწილში გათვალისწინებულია „ჭკვიანი აეროპორტის“ ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ციფრული ორეულის შექმნა.
„კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს ყოვლისმომცველი გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს ახალი აეროპორტის სტრატეგიულ განვითარებას, როგორც სააეროდრომო, ისე სახმელეთო/სატერმინალო ინფრასტრუქტურის კონცეპტუალურ დიზაინს, ასევე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და კაპიტალური რემონტის ობიექტებისა და საავიაციო ინდუსტრიული კლასტერის მიზნობრივ დაგეგმარებას.
პროექტირების ყველა ფაზაში უნდა დაინერგოს „მწვანე აეროპორტის“ კონცეფციები და მდგრადობის პრინციპები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება” – წერია დოკუმენტში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების თანახმად, საკონსულტაციო კომპანიას 2018 წლიდან დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმა, რომელთაგან სულ მცირე 2 წელიწადში 20 მილიონზე მეტ მგზავრს უნდა ემსახურებოდეს. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ექსპერტებს კი შესაბამის სფეროში მინიმუმ 10- და 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.
ტენდერის გამოცხადებამდე შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ბაზრის კვლევაც ჩაატარა. შეთავაზების წარდგენის მოთხოვნა შესაბამის სფეროში მომუშავე 15 კომპანიას გაეგზავნა. მათგან კვლევაში მონაწილეობის ინტერესი გამოთქვა და სრულყოფილი ფინანსური შეთავაზება სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რის საფუძველზეც განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, ახალი აეროპორტი „ოპერირებაში უნდა შევიდეს 2032 წლიდან”.
აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-მა ჩაატარა.
ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაჟღერდა, მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლისთვის განიხილავდა. მოგვიანებით, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ვაზიანის ახალი აეროპორტი პირველ რეისს 2028 წელს მიიღებდა.