ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ 

პუბლიკა

ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

კერძოდ, პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური პატიმრების შესახებ რეზოლუციას მხარი 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 47, ხოლო 86-მა – თავი შეიკავა.

რეზოლუციით ევროპარლამენტარებმა დაგმეს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვეს. მათ შორის, რეზოლუციაში ნახსენები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე ხელოვანების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლო შევიწროება.

რეზოლუციის თანახმად, აუცილებელია დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის აუცილებელი პირობაა.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირს კოორდინირებული რეაგირების შენარჩუნებისა და ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. სანქციები უნდა მოიცავდეს აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.