ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მეოთხე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მეოთხე ნაწილში ალმოდოვარი წერს სევდის, სექსისა და კულტურის სექტორის ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
ასევე იხილეთ:
- ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: ხანგრძლივი მოგზაურობა ღამისკენ – ნაწილი I
- ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: მადონა, უორენ ბიტი და მე – ნაწილი II
- ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: რჩევები – ნაწილი III
კიდევ ერთი სევდიანი დღე. საღამოს 6 საათამდე თავს ვერ ვწევ. რატომ დღეს და არა გუშინ? ატმოსფერული წნევის ბრალია თუ იმის, რომ კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, ევროკავშირი რომ ვერ მუშაობს ყველაზე საჭირო დროს? ან იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხუთშაბათია, ქუჩები კი ცარიელია მლოცველებისა და წმინდანებისგან? ან იქნებ, იმ დაღუპული 683 ადამიანის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა დღის დაღუპულთა რაოდენობასთან შედარებით უფრო იმედისმომცემია?
სოციალური ცხოვრების დანაკლისის გამო, ზოგიერთს ისეთი დღესასწაულები და ღონისძიებები ენატრება „კორონასშობამდე“ (მომიტევონ მორწმუნეებმა) რომ არც ახსენდებოდათ – მაგალითად, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის მასობრივ პროცესიებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ არც მორწმუნე ვარ და არც კერპთაყვანისმცემელი, ვფიქრობ, მომავალ წელს რომელიმე პროცესიას დავესწრები ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც ეს ტრადიცია ფესვგადგმულია ან მალაგაში წავალ, სადაც ანტონიომ უკვე ბევრჯერ დამპატიჟა.
ზოგიერთს იზოლაციამ პრობლემები მოუგვარა. „კარანტინი ჩვენთვის მომგებიანი აღმოჩნდა: სანამ ეს გაგრძელდება, თავზე ჭერიც გვექნება. შემდეგ რა იქნება, არ ვიცით. ამაზე ფიქრიც არ გვინდა. ერთი დღით ვცხოვრობთ“ – ეს სიტყვები კუბელ კაცს ეკუთვნის. ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა ვალენსიაში. კერძო ფონდ Per amor a l’art-ის დაფინანსებულ ცენტრში ცხოვრობს კოლუმბიელი, ნიკარაგუელი და რუმინელი მიგრანტების ოჯახებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდულად მუშაობს (პიცის მიმტანად, ღამის დარაჯად), საბუთებს მაინც არ აძლევენ. ახლანდელი ვითარება თავზე ჭერს სთავაზობს, კარანტინის დასრულება კი მას და მის ოჯახს დიდ საფრთხეს უქადის.
დაახლოებით იგივე მითხრა მეგობარმა მსახიობმა, რომელსაც დავურეკე, რომ მომეკითხა თავის პარტნიორთან და კატებთან ერთად. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, მინდოდა, გამერკვია, როგორი იყო მისი ლიბიდო თვითიზოლაციაში. მან მიპასუხა, რომ ნორმალურად, უკეთესადაც კი; სტრესის ნაკლებობამ პარტნიორთან ურთიერთობაში სარგებელი მოუტანა. ასევე მითხრა, რომ მისი ფსიქოლოგი მეგობარი დღემდე აგრძელებს პაციენტების ონლაინ მიღებას და მათი უმრავლესობა თავს ჩვეულებრივზე უკეთ გრძნობს. საერთო ქაოსი და შფოთვა (სტრესის ნაკლებობასთან ერთად) პოზიტიურ გარემოს ქმნის; მათ აღარ უწევთ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება და ეს თავისუფლების განცდას ანიჭებს. მესმის, რომ მსოფლიოში ასეთ მღელვარე, მტანჯველ ფონზე მათი პრობლემები გაცილებით უმნიშვნელო ჩანს. ასევე, მესმის, მაგრამ არ ვიცი, როგორ ავხსნა, რომ ფსიქოლოგების პაციენტები თავს უკეთ გრძნობენ, როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა.
ვინც ამ ვითარებაში თავს კარგად ვერ გრძნობს, სექსუალურ იზოლაციაში მყოფი ადამიანები არიან (განსაკუთრებით სექსუალურად აქტიური, მარტოხელა ადამიანები). სწორედ საგაზეთო სტატიის – „როგორ გავუმკლავდეთ ადამიანური კონტაქტის წყურვილს“ წაკითხვის შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარს და ვკითხე თავის ლიბიდოზე. სტატიის მიხედვით, სექს-სათამაშოებს ამ პერიოდში იმაზე ხშირად იყენებენ, ვიდრე ოდესმე. მარტო მცხოვრები ადამიანების ნაწილი ნამდვილ სასოწარკვეთაშია, რადგან თვითიზოლაცია მათ ლტოლვის დაკმაყოფილებაში ხელს უშლის. როგორც ჩანს, არნახულად გაიზარდა სექსტინგი [სექსუალური შინაარსის მიმოწერა], პირადი შეტყობინებები კი პორნოგრაფიული მასალებით გაივსო. სტატიის მიხედვით, ამ დროისთვის ბესტსელერია კლიტორალური ვიბრატორი, კაცის მასტურბატორი და სათამაშოების ფართო ასორტიმენტი წყვილებისთვის.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე ქალ და კაც მეგობარს ჩამოვურეკე, რათა გამერკვია, როგორი იყო მათი სექსუალური მადა. ერთი მათგანი გამონაკლისი იყო – სასოწარკვეთილმა მითხრა, რომ სხვადასხვა ადამიანს ონლაინ უთანხმდება სუპერმაკეტებში შეხვედრაზე, რათა საზოგადოებრივ ტუალეტში იჟიმავონ. სხვა მხრივ, ვისაც დავურეკე, უმრავლესობამ მითხრა, რომ პანდემიით გამოწვეული აკრძალვების გამო, ვნება გაუნელდათ. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იზოლაციის დაწყების შემდეგ ლიბიდომ მიმატოვა. ვფიქრობ, ეროტიკული ფანტაზიების ადგილი სევდამ და წუხილმა დაიკავა.
თუმცა მესმის, რომ სექსი აუცილებელია და ის ბიზნესიცაა. გაზეთში წავიკითხე სტატია სექსმუშაკების უიმედო მდგომარეობაზე.
„ჩვენ სასოწარკვეთილები ვართ“, – ამბობს ალიკანტელი სექსმუშაკი, – „ჩვენზე არასდროს არავის არ უფიქრია, მაგრამ ასეთი უხილავები როგორიც ახლა ვართ, არასოდეს ვყოფილვართ“. მისი ზოგიერთი კოლეგა კარანტინის დღეებს კლიენტთან ერთად ატარებს შემცირებული ფასის სანაცვლოდ.
სტატიის კითხვისას ეს ამბავი სცენარის დიდებულ იდეად მესახებოდა. პრაგმატული მოტივით, კლიენტი და სექსმუშაკი კარანტინის დღეების ერთად გატარებას გადაწყვეტენ, სადაც ის კლიენტს ფასდაკლებით ემსახურება. ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ კლიენტი მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას მიიღებს, არამედ იცხოვრებს პროფესიონალთან ერთად ოჯახურ გარემოში; 24 საათი ერთად – საუბრისთვის, გაზიარებისთვის, ბავშვობასა და ოჯახზე საუბრისთვის, ფიზიკური და სულიერი სიშიშვლისთვის, რათა ერთმანეთი აღმოაჩინონ. ასეთი სიტუაცია ფანტაზიის უშრეტი წყარო შეიძლება გახდეს. ასეთ წყვილებს, რომლებიც კარანტინს გადაურჩებიან, მყარ ურთიერთობას ვუწინასწარმეტყველებ.
ჩემი ძმის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტიდან მინდა ერთი ციტატა მოვიყვანო. მან ერთმანეთს შეადარა ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის რეაქციები იმ ეკონომიკურ კატასტროფაზე, რომლითაც კორონავირუსი საფრთხეს უქმნის კულტურის ინდუსტრიას. ესპანეთის კულტურის მინისტრმა დაადასტურა, რომ კულტურის სექტორისთვის რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას არ აპირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნული დახმარება. ინტერესთა ჯგუფების გაოგნებაზე მას წარბიც არ შეუხრია. საფრანგეთის მთავრობა კი მობილიზებულია კორონავირუსის ფონზე ეროვნული კულტურა დაიცვას. კულტურის სამინისტრომ 22 მილიონი ევრო გამოყო ამ სექტორის დასახმარებლად. გერმანიამ კულტურა „პირველადი საჭიროებების“ ნუსხაში შეიყვანა. ანგელა მერკელის მთავრობის გეგმის მიხედვით, კულტურის ინდუსტრიისთვის ხელმისაწვდომი იქნება შეუზღუდავი ფინანსური დახმარება.
სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და მრავლისმეტყველი რეაქცია. თეატრის ცნობილი რეჟისორი ლუის პასკუალი ესპანეთის კულტურის სამინისტროსადმი ღია წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყანას არ უყვარს თავისი არტისტები. შეიძლება ისინი აღგაფრთოვანებენ, შეიძლება მათი გშურდეთ, ზოგჯერ შეიძლება აღმერთებდეთ კიდეც, მაგრამ სიყვარული საერთოდ სხვა რამეაო. და ის სრულიად მართალია. პასკუალის წერილი გრძელია და დეტალურად ამხელს კულტურის მუშაკთა ისტორიულ დაუცველობასა და კულტურის სამინისტროს, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყო ჩვენი წარმომადგენელი.
როდესაც პედრო სანჩესის ახალმა მთავრობამ ხოსე გირაო გადააყენა (კულტურის მინისტრი და ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის მენეჯერი, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში გვყოლია – პოლიტიკურად დამოუკიდებელი, თუმცა კულტურის სფეროში უდიდესი გამოცდილების მქონე), დიდი დანაკლისი ვიგრძენი. ბატონი როდრიგეს ურიბესი კი პოლიტიკური ნიშნით წარადგინეს ამ თანამდებობაზე. როგორც იტყვიან ხოლმე, ის პარტიის კაცია და ნებისმიერ სხვა სავარძელზეც მოთავსდებოდა. 40-წლიანი დემოკრატიის განმავლობაში კულტურის მინისტრებში არასდროს არ გვიმართლებდა. მახსოვს მხოლოდ მინისტრი კარმენ ალბორჩი (1993-96) და ხოსე გირაო, წინამორბედი მინისტრი, რომელმაც მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. განურჩევლად იდეოლოგიური მიკუთვნებულობისა, ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია პოლიტიკური ნება, რომ კულტურის სექტორს დახმარებოდა.
ორშაბათს მინისტრ ურიბესის მხრიდან აბუჩად აგდებას კულტურის სექტორის პროტესტი მოჰყვა, დღეს კი (პარასკევს) ფინანსთა მინისტრმა და მთავრობის სპიკერმა, ქალბატონმა მონტერომ, პირობა დადეს, რომ გაიმართება საერთო შეხვედრა ორივე სამინისტროსა და კულტურის სექტორის წარმომადგენლებს შორის. ამ შეხვედრაზე, ვფიქრობ, სიტუაციას გადააფასებენ.
დავუბრუნდეთ თვითიზოლაციას და მასთან საბრძოლველად მყისიერად გასატარებელ ღონისძიებებს. კინოს დიდი რწმენა მაქვს, იმ ფილმების მწამს, რომლებიც გვართობს და გვამდიდრებს და რაკი ამ დღიურის წერა სევდაზე საუბრით დავიწყე, იმ ფილმებს შევარჩევ, რომლებიც შეწყვეტილ სიყვარულზე მოგვითხრობს:
„უცხოები, როდესაც ჩვენ შევხვდით“ (Strangers When We Meet) რიჩარდ ქუინის ფილმი თავისი მუზის, კიმ ნოვაკის მონაწილეობით; ამბავი რიჩარდ იეიტსის რომანებს მოგაგონებთ.
„რომანის დასასრული“ (The End of the Affair) – გრემ გრინის ბრწყინვალე რომანის მიხედვით გადაღებული ნილ ჯორდანის ფილმი, რომელშიც რალფ ფაინსი ასრულებს სასოწარკვეთილი შეყვარებულის როლს. მთავარ გმირს იმ ქალის მოგონებები სტანჯავს, რომელმაც გაურკვეველი მიზეზით წლების წინ მიატოვა. ის იმაზე ფიქრობს, რომ მათ შორის ვიღაც ჩადგა. ასეც იყო, მაგრამ ფაინსის გმირი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს „ვიღაც“ თვით ღმერთი იყო.
„უცნობი ქალის წერილი“ (Letter from an Unknown Woman) – მაქს ოფულსის შედევრი. გადაღებულია დიდებული შტეფან ცვაიგის მოთხრობის მიხედვით. რომანტიკული კინოს საუკეთესო მაგალითი.
„ლიფტი ეშაფოტზე“ (Lift to the Scaffold) – ლუი მალის ამ ფილმის ნახვა მარტო ჟანა მოროს პარიზის ქუჩებში სეირნობის სცენის გამოც ღირს. რომ არაფერი ვთქვათ მაილს დევისის ცოცხალ იპროვიზაციაზე (რომელიც მან კინოჩვენების დროს ჩაწერა). და მორის რონე – მუდამ თბილი და იდუმალი. და სევდიანი. ამ ჩამონათვალშიც ხომ უფრო სევდა ფასობს.
„გამარჯობა, სევდავ“ (Bonjour Tristesse) – ოტო პრემინგერის ფილმი. მონაწილეობს ჯერ კიდევ ნორჩი ჯინ სიბერგი, სანამ გოდარის ფილმში „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ გაიბრწყინებდა. თუმცა მას უკვე ჰქონდა „ბიჭური“ ვარცხნილობა. ეს ფილმი ჩემი სუსტი წერტილია, ასევე ფრანსუაზ საგანიც, დებორა კერიცა და დევიდ ნივენიც. მიყვარს ფილმები ბურჟუაზიულ მოწყენილობაზე, თუმცა „სევდა“ მხოლოდ ამაზე არ არის.
„ღამე“ (La Notte) – რეჟისორი: მიქელანჯელო ანტონიონი; ფილმი ამ შემთხვევაში მილანის მაღალი საზოგადოების ეგზისტენციალურ მოწყენილობაზეა. შესანიშნავი სამეულის მონაწილეობით: ჟანა მორო, მონიკა ვიტი და მარჩელო მასტროიანი. ფილმის დასასრულს ჟანა მოროს მონოლოგი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და სევდიანი ფინალია, რაც კი მახსენდება.
„დედიკოს ბიჭები“ (I Vitelloni) – რეჟისორი: ფედერიკო ფელინი. ასევე, ძალიან მიყვარს ფილმები სოფლის ცხოვრებაზე. ამ თემაზე ესპანეთში ორი შედევრი გვაქვს გადაღებული: მიგელ პიკასოს „დეიდა ტულა“ და ხუან ანტონიო ბარდემის „მთავარი ქუჩა“ – აუცილებლად გირჩევთ ორივე ფილმის ნახვას (თუმცა გაცილებით მეტი გვაქვს). როდესაც ესპანეთში სოფლის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, მეტ ყურადღებას ქალის მარტოობაზე ვამახვილებთ ხოლმე. შესაბამისად, ორივე რეკომენდებული ფილმი ორი მარტოხელა ქალის ცხოვრებაზეა. „დედიკოს ბიჭები“ კი მარტოხელა კაცების მოწყენილობასა და მარტოსულობაზე მოგვითხრობს. ფილმის პერსონაჟები 30 წელს გადაცილებული, უმომავლო „დიდი ბიჭები“ არიან. მარტოობას კაფეებში ხეტიალითა და ხათაბალებში გახვევით გაურბიან, სწორედ ფილმ „მთავარი ქუჩის“ მსგავსად. ეს ფილმი ფელინის ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია, დაუვიწყარი ალბერტო სორდის მონაწილეობით.
„ნაზი კანი“ (The Soft Skin) – რეჟისორი: ფრანსუა ტრიუფო; მონაწილეობს ფრანსუაზა დორლეაკი თავისი დიდებულებით. ტრიუფოს ფილმებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია.
„განმარტოებულ ადგილას“ (In a Lonely Place) – რეჟისორი: ნიკოლას რეი; შესანიშნავი ფილმ-ნუარი ნამდვილი მრისხანე პერსონაჟით (ბოგარტი). ფილმის მაკგაფინი არის მკვლელის ძიება (ყველა ბოგარტზე ეჭვობს), მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანი და საინტერესო ბოგარტისა და გლორია გრეჰემის თანაცხოვრებაა. ფილმი ძალიან ორიგინალური პერსპექტივიდან მოგვითხრობს ხისტ და ამასთანავე ნაივურ კაცზე. აგრესორების სინაზეზე. რეის ფილმში ყველაფერი ძალიან ორიგინალურია.
ჩვენ უკვე აღდგომის კვირას ცარიელი ქუჩებით გამოვემშვიდობეთ,.წინ კიდევ ძალიან ბევრი დღესასწაულია. ალბათ, მათაც ცარიელი ქუჩებით შევხვდებით. ამას ვერ ვეგუები.