მე სარკასტულ კითხვას ვუსვამდი რეპორტიორებს - ტრამპი სადეზინფექციო საშუალებებზე

პუბლიკა

NBC News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ მისი ნათქვამი სადეზინფექციო საშუალებების ინექციის COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ სარკაზმი იყო. ამის შესახებ ტრამპმა ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის პასუხად განაცხადა.

„მე შეკითხვას სარკასტულად ვუსვამდი ჟურნალისტებს, მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რა მოხდებოდა“,  – აღნიშნა ტრამპმა პანდემიით გამოწვეული ზარალის დასაძლევად შედგენილი კანონპროექტის გაფორმების დროს. „მე სარკასტულ და ძალიან სარკასტურ კითხვას ვუსვამდი ოთახში რეპორტიორებს სადეზინფექციო საშუალების შესახებ.“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრება, შეიძლება თუ არა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ სადეზინფექციო საშუალებები იყოს გამოყენებული, ექიმებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

NBC თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იდეას შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგის შემდეგ იკითხა: „როგორც ვნახე, სადეზინფექციო ხსნარი ანადგურებს მას (კორონავირუსს) ერთ წუთში. და არის რაიმე გზა, რომლითაც ჩვენ იმავეს გაკეთება შეგვიძლია შიგნით (ორგანიზმში) ინექციით ან თითქმის, გაწმენდით? როგორც ჩანს, ის (კორონავირუსი) ფილტვებში აღწევს და მძიმედ აზიანებს მას. ამიტომ, ამის გადამოწმება საინტერესო იქნებოდა”.