24 აპრილს საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარმოადგინა, სადაც არაფერი იყო ნათქვამი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე. მთავრობის ხელმძღვანელით განმარტებით საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისა და „ქართული ოცნების” ყოფილი წევრის კაკი ზოიძის თქმით, ექსპერტთა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე არსებობს, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფის პირობებში.
„ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ახლავე დაწყებულიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შესაბამისი დაცვის ღონისძიებებით. 24 აპრილს ეს იმიტომ არ იყო, ჩემი აზრით, გაცხადებული, რომ ჯერ ისევ ფიქრობენ, როგორ დანერგონ შესაბამისი მაკონტროლებელი მექანიზმები. ხომ ხვდებით, რაზეც არის საუბარი, რომ მეტროში ერთ ვაგონში და ავტობუსში უნდა დავიცვათ ეს წესები – იგივე ჯვარედინად დაჯდომის და ა.შ. თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ, რაც გავაკეთეთ, წყალში შეიძლება ჩაგვეყაროს. მკაფიო წესები უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა დავიცვათ.
საქალაქთაშორისო მარშუტკებზე შეიძლება შეზღუდვა დატოვო, მაგრამ ქალაქის შიგნით ტრანსპორტზე ამ პირობებით აღდგენა შესაძლებელია.
ამაზეა დამოკიდებული იმავე ბიზნესის აღდგენაც, მაგრამ აქაც ერთმანეთის პარალელურად უნდა გააკეთო, რომ ძალიან დიდი ნაკადი არ მოვიდეს ტრანსპორტზე, რომ, ელემენტარულად არ გართულდეს პირობების დაცვა. თუ ადამიანი მთელი დღე, მეტროს ვაგონში შესვლამდე რიგში იდგება, რა აზრი აქვს ასეთ გახსნას. ამიტომ ერთმანეთს უნდა მიუსადაგო ბიზნესაქტივობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა”, – ამბობს კაკი ზოიძე.