თუ სიმძლავრეები გვექნება, გვინდა 3000 ტესტი ჩავატაროთ დღეში, რაც დაახლოებით გერმანიის სტანდარტია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ტესტებთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში სასურველია, იყოს ყველა ტიპის ტესტი.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ანტიგენზე დამყარებული 2000-მდე ტესტია და მათი ნაწილი გორის ჰოსპიტალში გამოიყენეს. ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებში ყველაზე სანდო სეროლოგიური ტესტებია.

„ზოგადად ტესტების ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იხვეწება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე სწრაფი ტესტების ტექნოლოგია დაიხვეწება და მათი ვალიდურობა მაღალი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დღეს 11 ლაბორატორია მონაწილეობს ტესტირებაში და უკვე 12, 000-მდე Pcr ტესტია ჩატარებული ქვეყანაში.

„ბოლო 20 აპრილიდან როცა დავამატეთ ლაბორატორიების რაოდენობა, ინტენსიური გახდა ტესტირება.  ყოველდღურად 600-700-ს სცდება ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ამ თვეში დღეში 1000 ტესტზე უნდა ავიდეთ, მაისის 10-15-ისთვის 1500-2000 და შემდეგ ძალიან გვინდა, თუ სიმძლავრეები გვექნება, 3000 ტესტი ჩავატაროთ დღეში, რაც დაახლოებით ის სტანდარტია, რომელსაც გერმანია, ავსტრია და შვეიცარია აწარმოებს. ხშირად კითხულობენ, რატომ ადრე არ მოხდა ეს? გერმანიაში დღეს მოსახლეობის 2, 5% მეათედი პროცენტია გატესტილი.

თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, და ქვეყანაში უკვე 8000 დან 9000-მდე სწრაფი ტესტია დახარჯული, ჩვენ ჩატარებული ტესტების რაოდენობით 0,6%-მეათედ პროცენტზე ავდივართ, რომლითაც იმ ტიპის ქვეყნებს შორის ვართ, როგორიც ვართ ჩვენ დღეს განვითარებით. მაგრამ ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისკენ და ის მაჩვენებლები გვინდა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ. თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000-  2500 ტესტირებაზე გვექნება გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებელი. მაგრამ ეს არის მასობრივი ტესტირება, ზოგჯერ აგრესიულს უწოდებენ. მე ვხმარობ ტერმინს გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება საქართველოში მხოლოდ ჰეპატიტი C-ზე ტარდება და იცით, რომ 65% მოზრდილი მოსახლეობის გამოკვლეულია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ტესტირების გაფართოება საკარანტინო პირობების შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული.

„როცა ვამსუბუქებთ საკარანტინო ღონისძიებებს, ორი მიმართულება უნდა გქონდეს მზადყოფნაში. უფრო მეტი ადამიანის გატესტვის საშუალება უნდა გვქონდეს ქვეყანაში და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ, ე.წ. შემსუბუქების პერიოდში შეიძლება მოიმატოს შემთხვევებმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ დღეში შემთხვევები არსებული დინამიკით გააგრძელებს მატებას, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა როგორც სტაციონარული, ისე პირველადი ჯანდაცვა პაციენტების ნაკადის მართვასა და ინფიცირებულების მოვლას შეძლებს.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში ერთხელ გვქონდა 25 შემთხვევა, მეორედ 29. დღეს გვქონდა 11 შემთხვევა. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა პირობას, მაშინ, დიდი ალბათობით, ნახტობისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს. თუ ასეთი ნელი სვლით წავედით და შევდივართ უკვე პიკში, დღეში 20, 40, 50, 60 რომ იყოს, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია. ჯანდაცვის სისტემა სტაციონარულად მოუვლის. ამიტომ საშუალება გაფართოებული ტესტირების საჭიროა“, – განაცხადა გამყრელიძემ.