ვიწრო პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენება - ოპოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიები „ევროპული საქართველო” და „თავისუფალი დემოკრატები” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მიმოხილულია „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან საქართველო-უკრაინის ურთიერთობა და აღნიშნულია, რომ დაშვებულ იქნა „არაერთი დრამატული შეცდომა”. ამის მაგალითად განცხადებაში მოყვანილია „ევრომაიდანის მიმდინარეობისას, „ქართული ოცნების“  ზოგიერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ამ შემთხვევაში უბრალოდ დუმილზე უფრო არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ღიად დაიკავა ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი პოზიცია. მაგალითად, მაშინ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საჯაროდ არკვევდა იმას, თუ კიევის რამდენ ქუჩაზე მიდიოდა პროტესტი და რამდენად მცირე იყო ის.”

„ევრომაიდნის მოძრაობის გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრემიერი და ახლა უკვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღიად აწარმოებდა კამპანიას, რომ როგორმე საქართველოს საკითხი დასავლეთში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უკრაინის საკითხთან ერთად არ განეხილათ. ამასთან ერთად, ღარიბაშვილის საჯარო პოზიცია საერთაშორისო მედიაში, უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარებაზე, უარყოფითი იყო. ეს კი უარყოფით პასუხს ნიშნავდა, თავისუფალი სამყაროსგან საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე. შემდგომში სწორედ ერთ კონტექსტში მიეცა როგორც უკრაინას, ისე საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის შეძენის შესაძლებლობა. ღარიბაშვილის რიტორიკა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო.

გარდა იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი მორალური ვალია, ეს საქართველოს პრაგმატულ ინტერესშიცაა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, უსაფრთხოების, პუტინის აგრესიის შეკავების, დეოკუპაციის, ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ დასავლეთში ჩვენი გამოწვევების მიმართ ყურადღების ფოკუსირების კუთხით.

ხელისუფლებას არ გაუკეთებია არაფერი მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მოსაწყობად. ამის მიზეზი კი საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებაა. სწორედ ამის მაგალითია ივანიშვილის ხელისუფლების ახლანდელი გადაწყვეტილება, ისაუბროს დიპლომატიურ დემარშებზე უკრაინასთან და ამის მიზეზად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებათა უპატივცემულობას ასახელებს. ბოლო წლების მანძილზე უკვე ათობით შემთხვევა იყო როცა ევროპული, მათ შორის ღრმა დემოკრატიის ტრადიციის მქონე ქვეყნებმა და მათმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებების გათვალისწინება მისი მიკერძოებულობის, არაკომპეტენტურობისა და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო.

მოვუწოდეთ პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ნუ ვაქცევთ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებს, დაპირისპირების საგნად ჩვენს ქვეყანაში. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინა-საქართველოს ისტორიულ, სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობას. – ნათქვამია განცხადებაში.


22 აპრილს სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა 30 აპრილს გაიმართება.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ, თუ უკრაინა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება. გახარიას თქმით, ასეთ შემთხვევაში, ისინი საქართველოს ელჩს უკრაინიდან „როგორც მინიმუმ, კონსულტაციისთვის გამოიწვევენ“. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ კი წერილი გაუგზავნა „რადის” სპიკერს, რომელშიც ის წერს: სააკაშვილის „შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას.”

მთავრობის ამგვარ გამოხმაურებას „მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“ უწოდა ოპოზიციამ.