რუსეთ-ჩინეთის მიზანმიმართული დეზინფორმაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ამერიკულ ლაბორატორიებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას 17 აპრილის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის ამბობდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია, ამავე ბრალდებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც იმეორებს.

რუსეთის მაღალჩინოსნები მსგავს დეზინფორმაციას პირველად არ ავრცელებენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიები არაერთხელ გაუკრიტიკებია.

„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამერიკელები ქვეყნის გარეთ არსებული მსგავსი პროფილის ლაბორატორიებს პათოგენური აგენტების მოდიფიკაციისთვის იყენებენ”, – განაცხადა ზახაროვამ 17 აპრილის პრესკონფერენციაზე და მაგალითად საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიაც მოიყვანა.

ზახაროვამ თქვა, რომ თბილისში არსებული ლუგარის ცენტრი ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიაა, რომელიც ოფიციალურად ამერიკის სამხედრო ძალების ინფექციურ დაავადებათა გლობალური კონტროლის სისტემის ნაწილია.

იგივე ბრალდება გაიმეორა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გენგ შუანგმა 29 აპრილის პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკის ბიოლოგიური ლაბორატორიები მეზობელი ქვეყნებისთვის რისკს ქმნის.

„აშშ-მა მრავალი ლაბორატორია შექმნა საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე, რაც მეზობელ ქვეყნებში სერიოზულ საჯარო მღელვარებას იწვევს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე პასუხისმგებლიან მიდგომას გამოიჩენს აღნიშნულთან დაკავშირებით, გაითვალისწინებს მსოფლიო საზოგადოების ოფიციალურ შეშფოთებას და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს არსებული შიშების აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა გენგ შუანგმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი გუშინ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის მიდგომა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

„ჩვენ და მსოფლიოს კვლავ არ გვაქვს წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებზე. ჩვენ კვლავ არ ვიცით ვირუსის გავრცელების თავდაპირველი წყარო. ჩინეთის კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ მათ ჩვენი პარტნიორობა სურთ. სწორედ სანდო პარტნიორის ვალდებულებაა ინფორმაციის მიწოდება”, – განაცხადა პომპეომ.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ცენტრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას უკვე წლებია ცდილობენ რუსული მედიაგამოცემები და სახელმწიფო უწყებები. 2018 წელს BBC-მა ცენტრის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციისა და რუსეთის სახელმწიფოს მიზანმიმართული პროპაგანდის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტიც მოამზადა, რომლითაც ირკვევა, რომ ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის მთავარი გამავრცელებელი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძეა.

უსაფუძვლო ბრალდებების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის აფეთქების მომენტიდან საქართველოს ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ლუგარის ცენტრი ქართული საზოგადოების მთავარი ქომაგია ვირუსთან ბრძოლაში. სწორედ  ლუგარის ლაბორატორია იყო ერთ-ერთი მთავარი დაწესებულება, რომელიც, ე.წ. ოქროს სტანდარტის „PCR” ტესტების ჩატარებას უზრუნველყოფდა, რაც ვირუსით ინფიცირებულთა დიაგნოსტირების მთავარი წინაპირობაა.