„ქართული ოცნების“ ოფისთან კვლავ დაძაბულობაა

პუბლიკა

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც შეხლა-შემოხლა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პოლიცია აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

აქციის გაშუქებისას დაშავდა „ფორმულა ნიუსის“ ოპერატორი.

ჯერჯერობით დეპუტატებს „ოცნების ოფისი“ არ დაუტოვებიათ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

„როგორც ხედავთ, აქ გარკვეული ძალები ახდენენ პოლიციის პროვოცირებას. შესაბამისად, დავიცავთ წესრიგს. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პროტესტი შეუძლიათ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ, მაგრამ არ შეიძლება შენობის შესასვლელების პიკეტირება. შენობას აქვს შესასვლელები და ცდილობენ, მოახდინონ მისი პიკეტირება“, – განაცხადა სირაძემ.

აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება პროპორციული საარჩევნო სისტემა. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ნიშნავს მთავრობისა და პრემიერის გადადგომას.

აქციის მონაწილეებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს და ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამჟამად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფება.