საფრანგეთში პნევმონიით დაავადებული პაციენტის დეკემბრის ნიმუშში Covid-19 აღმოჩნდა

ფრანგულ ჰოსპიტალში პნევმონიით დაავადებული ყოფილი პაციენტების ნიმუშების ხელახალი ტესტირების შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილი პაციენტებიდან ერთ-ერთს კორონავირუსი სჭირდა. ინფიცირებული პაციენტი პირველად საავადმყოფოში 27 დეკემბერს მიიღეს, საფრანგეთში პირველი დადასტურებული ინფიცირების გამოვლენამდე ერთი თვით ადრე.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟან ვერდიერის სახელობის ჰოსპიტლის რეანიმატოლოგმა, ივ კოენმა გაავრცელა. სწორედ მან გამოიკვლია პნევმონიით დაავადებული ყოფილი პაციენტების ნიმუშები და დაადგინა, რომ მათგან  ერთ-ერთს კორონავირუსი ჭირდა.

„24 პაციენტის გამოკვლეული ნიმუშიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი 27 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში“, – განაცხადა კოენმა.

მისი თქმით, თითოეული ნიმუში რამდენჯერმე გამოიკვლიეს, ცდომილების მაქსიმალურად შესამცირებლად.

საფრანგეთში, სადაც კორონავირუსის შედეგად 1 მარტიდან მოყოლებული 25 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირების პირველი  დადასტურებული შემთხვევა 24 იანვარს გამოვლინდა.

რეანიმატოლოგის აზრით, ჯერ კიდევ ადრეა იმის დადასტურებით თქმა, რომ 27 დეკემბრის პაციენტი პირველი ინფიცირებული ადამიანი იყო საფრანგეთში, თუმცა ვირუსის გავრცელების დინამიკის კვლევისთვის მნიშვნელოვანია დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ და როდის დაინფიცირდა ქვეყანაში პირველად კორონავირუსით.

კოენის ცნობით, ინფიცირებული პაციენტი ვირუსს გადაურჩა. ახალი კვლევის შედეგების შემდეგ მედიკოსებმა პაციენტის ინფიცირების წყაროს ძიება დაიწყეს.

„პაციენტი 15 დღის განმავლობაში იყო ავად. მან დაავადება 2 შვილს გადასდო, თუმცა ინფიცირებას გადაურჩა პაციენტის ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს. პაციენტს არ ესმოდა, საიდან შეიძლებოდა, დაინფიცირებულიყო. მას არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია.  მხოლოდ ცოლთან ჰქონდა კონტაქტი“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

მისი თქმით, პაციენტის მეუღლე სუპერმარკეტში სუშის ბართან ახლოს მუშაობდა, რომელშიც ჩინელები იყვნენ დასაქმებული. ჯერჯერობით, არ არის გამოკვლეული, სუშის ბარის თანამშრომლებმა უახლოეს წარსულში იმოგზაურეს თუ არა ჩინეთში, თუმცა კოენი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელებმა ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ.

„გვაქვს ვარაუდი, რომ პაციენტის მეუღლეს ვირუსი ასიმპტომატური ფორმით სჭირდა“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

 

წყარო: Reuters