ექიმის საკითხს განვიხილავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - საგარეო

პუბლიკა

„საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირევით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მუდმივ კავშირზეა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ასევე წითელი ჯვრის მისიასთან.

„აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება ისევე, როგორც ადამიანის უფლებების სხვა მწვავე დარღვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ დააყენა 14 ნოემბერს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში.