ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანებზე კორონავირუსის შესაძლო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს. ვაქცინაზე ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია BioNTech-თან ერთად მუშაობს. ვაქცინის ცდები ადამიანებზე ორშაბათიდან დაიწყეს და, წარმატების შემთხვევაში, უკვე სექტემბრიდან გამოიყენებენ.
ვაქცინის კანდიდატი, რომელზეც წამყვანი ფარმაცევტული კომპანები მუშაობენ, ტიპური ვაქცინებისგან განსხვავებული იქნება. ის გენეტიკურ მასალაზე – ინფორმაციულ რუბონუკლეინის მჟავაზეა (ი-რნმ) დაფუძნებული. ამ ვაქცინაში სპეციალურად შექმნილ ი-რნმს ორგანიზმში შეყვანისას უჯრედებისთვის გადააქვს ინფორმაცია, რომ კორონავირუსული ცილები ადამიანის დაავადების გარეშე შექმნას.
კორონავირუსი, როგორც წესი, ფილტვის უჯრედებში შესაღწევად სწორედ ცილებს იყენებს, ვაქცინამ კი იმუნურ სისტემას უნდა შეუწყოს ხელი, რომ ინფექციასთან საბრძოლველად ანტისხეულები წარმოშვას. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ უფრო მეტად სწრაფი და სტაბილურია, ვიდრე დასუსტებული ვირუსის შეყვანა ორგანიზმში.
როგორც The New York Times წერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობისას ამ მეთოდს იყენებენ სხვა ცნობილი კომპანიებიც. რამდენიმე მათგანმა ცდები ადამიანებზე უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო, თუმცა ადრე ამ ტიპის ვაქცინები მასშტაბურად არ გამოუყენებიათ.
ადამიანებზე პირველი ცდები გასულ თვეში ჩაატარა Pfizer-მაც. კომპანიამ პირველი საცდელი ვაქცინა 12 გერმანელ მოხალისეს გაუკეთა. გერმანიაში ვაქცინაზე მუშაობისას სულ 200 ადამიანზე აწარმოებენ ცდას, ხოლო აშშ-ში დაგეგმილია, პირველ ეტაპზე კვლევაში 360 ადამიანი ჩაერთოს, შემდეგ კი მათი რაოდენობა 8 000-მდე გაიზრდება.
კვლევის მონაწილეებს ოთხ ჯგუფად დაყოფენ და კანდიდატი ვაქცინის სხვადასხვა ტიპს შეუყვანენ სხეულში. ექიმები კი მათ ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას დეტალურად დააკვირდებიან.
ვაქცინის რამდენიმე ტიპის პარალელური კვლევით მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მის მისაღებ დროს შეამოკლებენ. მას შემდეგ, რაც სათანადო ტესტირების საფუძველზე ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად მიიჩნება, მწარმოებელს ლიცენზიის მიღების მოთხოვნაც შეეძლება. პირველ ეტაპზე ვაქცინას მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში – საგანგებო სიტუაციებში გამოიყენებენ. შემდეგ კი მწარმოებლებს გლობალურ ბაზარზეც შეეძლებათ გასვლა.
მეცნიერთა ნაწილი, მათ შორის დოქტორი ფაუჩი ამბობდა, რომ აპრობირებული ვაქცინის შესაძლო გამოჩენა 18 თვეშიც კი ოპტიმისტურ პროგნოზს ჰგავს, თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებიც ასევე მუშაობენ ვაქცინაზე, ამბობენ, რომ ახლა ვითარება საგანგაშოა და მეცნიერებს მოუწევთ, უფრო სწრაფი გზები მონახონ ვაქცინის შესაქმნელად.