პენიტენციური: ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოიხდის

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ზვიად რატიანს თავისუფლების აღკვეთის პირობები მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეეცვალა.

„საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აცხადებს პენიტენციური.

გუშინ, 23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.

ზვიად რატიანმა ღია წერილით თქვა, რომ უკვე 6 თვეა, სამარტოო საკანშია. რეჟიმის პირობების შეცვლა მან პაემნების რაოდენობის შემცირებას დაუკავშირა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს“.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აცხადებს უწყება.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს. მან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სილა გააწნა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს.

ზვიად რატიანის ადვოკატი, მარიამ პატარიძე ამბობდა, რომ ის სილის გაწვნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა არ ეთანხმება ბრალდების კვალიფიკაციას, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა.

ზვიად რატიანი ამბობს, რომ პატიმრობა მისი „პროექტის“ ნაწილი იყო. მისი ქმედება მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის პატიმრობამ გამოიწვია.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 9 ოქტომბერს მიუსაჯა.