თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება ლიანა კაჟაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელი დავობდა, რომ ირაკლი კობახიძემ მის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა.
კერძოდ, სადავოდაა გამხდარი შემდეგი განცხადებები:
2025 წლის 29 იანვარს „იმედის“ ეთერში კობახიძემ თქვა:
„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. …მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია. …აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”.
2025 წლის 30 იანვარს კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა:
„როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის“.
2025 წლის 16 აპრილს კი „რუსთავის 2-ის“ ეთერში თქვა:
„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე – ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი.
მზია ამაღლობელმა პროცესზე განაცხადა:
„ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა. დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმეზე, რომელიც სამოქალაქო დავაა. ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში ასე გამოიხატება – ცილისწამება.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასაშვებობაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონიდან გამომდინარე.
მოსარჩელე მე ვარ – ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ფასეულია გამოხატვის თავისუფლება და მთელი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიის გაძლიერებაზე მუშაობდა.
მოპასუხეა მხარე, რომელიც პრემიერ-მინისტრის სტატუსით სარგებლობს, რომელმაც თავისი ძალაუფლების პირობებში სიტყვისა და აზრის გამოხატვა რეპრესიებს და ცენზურას დაუქვემდებარა.
საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას რომ არ ვხედავდე, როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, რაც არ უნდა მორალურად მიუღებელი და პროვოკაციული ყოფილო, არ მივანიჭებდი ისეთ მნიშვნელობას, რომ სასამართლომდე მომეტანა ეს დავა.
დიდი იმედი მაქვს, სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს, ეს არ იყო შეფასებითი განცხადებები, ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და სასამართლომ დაადგინოს, ეს არის მიზანმიმართული თუ დაუდევრობა.
მოპასუხე არ ესწრება პროცესს და არ ვიცი, როგორ აღიქვამს ამას სასამართლო, ეს არის ძალის დემონსტრირება და სასამართლოს უპატივცემლობა?! არ ვიცი, როგორ აღიქვამს ამას სასამართლო“, – თქვა მან.
დაცვის მხარემ წარმოადგინა დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა შეწყდეს აღნიშნული საქმის განხილვა. ადვოკატის თქმით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
„სასამართლომ პოლიტიკური დებატები და საზოგადოებრივი ინტერესი არ უნდა აურიოს ერთმანეთში. ირაკლი კობახიძის კომენტარების მიზანი იყო შემდეგი – ნეგატიური განწყობის შექმნა მზია ამაღლობელის მიმართ, მისი პიროვნების დაკნინება და სასამართლოზე ბოროტი ზემოქმედება“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.
ადვოკატის დასაბუთების მიუხედავად, მოსამართლემ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს მეორე საქმეა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. პირველი საქმე 2025 წლის 24 ნოემბერს მოსამართლე დავით აკობაძის გადაწყვეტილებით შეწყდა. ამ შემთხვევაში ამაღლობელი კობახიძისგან მოითხოვდა იმ განცხადებების უარყოფას, რომელშიც კობახიძე ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა „უცხო ძალებისგან“ მიღებული დაკვეთით გააწნა, მიზანი კი პოლიციის იმიჯის დაკნინება იყო. მოსამართლემ განმარტა, რომ „პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე სარჩელი არ დაიშვება“.