საქსტატი: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2363.8 ლარია

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2363.8 ლარი შეადგინა.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4290.7 ლარი (გაიზარდა 3.1%-ით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 %-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3186 ლარი (გაიზარდა 7.1 %-ით).

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2836 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 234.7 ლარი (9%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2335.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით).

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2026 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2413.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.


სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო მაჩვენებელი რეალურ სურათს არ ასახავს და ხელფასის ყველაზე რეალური საზომი მედიანური მაჩვენებელია.

მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.