ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დათვლის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას არალეგიტიმური უწოდა და ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა დააკისრა „სიტუაციის ნებისმიერი შემდგომ ესკალაციაზე“.
არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ პარლამენტში 64 მანდატს მიიღებს, სამველ კარაპეტიანის „ძლიერმა სომხეთმა“ 29 მანდატი მოიპოვა, ხოლო რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსმა“ – 12. ოპოზიციურმა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც სომეხი მილიარდერი გაგიკ ცარუკიანი ლიდერობს, პარლამენტში შესასვლელად საჭირო 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა – პარტიამ ხმების 3.9893% მიიღო.
საბოლოო შედეგებს წინ უძღოდა ხმების ხელახალი დათვლა რამდენიმე ასეულ საარჩევნო უბანზე, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება სამ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
შედეგების გამოცხადების შემდეგ ექვსმა ოპოზიციურმა ძალამ: პარლამენტში გასულმა ორმა ბლოკმა, „აყვავებულმა სომხეთმა“, „ნათელმა სომხეთმა“, სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა და ალიანსმა „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ „ასეთ პირობებში დაფიქსირებული შედეგები ვერ გახდება ლეგიტიმური ხელისუფლების ფორმირების საფუძველი“.
განცხადებაში მათ ფაშინიანის ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს „სიტუაციის ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე“.
ოპოზიციურმა ჯგუფებმა მიუთითეს, მათი შეფასებით მრავალრიცხოვან დარღვევებზე, მათ შორის არჩევნების წინ ოპოზიციონერი ფიგურების დაკავებაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და სამი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებაზე.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, აიღებენ თუ არა ოპოზიციური ბლოკები: „ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთის ალიანსი“ თავიანთ საპარლამენტო მანდატებს და შევლენ თუ არა პარლამენტში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი შემდგომი ნაბიჯი შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება იქნება.
თავის მხრივ, ცესკომ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ დაენიშნა ხელახალი კენჭისყრა სამ პრობლემურ უბანზე და თქვა, რომ შედეგების გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს განმეორებითი კენჭისყრის აუცილებლობას. კერძოდ, კომისიამ განაცხადა, რომ ნაწილობრივმა განმეორებითმა ხელახალმა კენჭისყრამ შეიძლება წაახალისოს ტაქტიკური ხმის მიცემა, რადგან ამომრჩევლებს უკვე ეცოდინებოდათ არჩევნების საერთო შედეგები.
დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ალიანსის წევრმა დანიელ იოანისიანმა ცესკოს ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მან ალიანსის სახელით განაცხადა, რომ ცესკოს უარი უბნებზე ხმების ხელახალ დათვლაზე „აშკარად და ცხადად უკანონოა“.
შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოს შტაბ-ბინასთან საპროტესტო აქცია გამართეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ისრაელ ჰაკობკოხიანმა განაცხადა, რომ არჩევნების ხელახალ დანიშვნამდე შიმშილობას იწყებს. ჰაკობკოხიანს ეცვა მაისური რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პორტრეტით.
პუტინს ფაშინიანისთვის პარტიის გამარჯვება ჯერ არ მიულოცავს.
ცარუკიანი ფაშინიანს უჩივის, ქოჩარიანს კი ქვეყნის დატოვება აუკრძალეს
ამავდროულად, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა ფაშინიანს სასამართლოში უჩივლა მაისის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც პრემიერ-მინისტრმა მას, სხვა ბრალდებებთან ერთად, „კრიმინალი“, „ჯაშუში“ და „აგენტი“ უწოდა.
ცარუკიანი ითხოვს 9 მილიონ დრამს (დაახლოებით 23 000 დოლარს) ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, ასევე საჯარო ბოდიშს.

გაგიკ წარუკიანი ხმის მიცემის დროს 2026 წლის 7 ივნისს. ფოტო: თამარა შველიძე/OC Media
მან ასევე უჩივლა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოითხოვა 12 მილიონი დრამის (დაახლოებით 31 000 დოლარის) კომპენსაცია წინასაარჩევნო პერიოდში გასული სიუჟეტის გამო. სარჩელის მიხედვით, მაუწყებელმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს „აყვავებული სომხეთი“ სხვა პოლიტიკური ძალის ან პირის დაკვეთით შეიქმნა.
ამავე დროს, რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს, მათ შორის ცარუკიანს, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ ნარეკ კარაპეტიანს და ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს არჩევნების შემდეგ რუსეთში გამგზავრება აუკრძალეს.
14 ივნისს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გადის ქოჩარიანი პასპორტის შემოწმებას აეროპორტში. ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი პირადი საქმეებით მხოლოდ სამი დღით აპირებდა გამგზავრებას და ხელისუფლებამ „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უკანონოდ დაბლოკა“ მისი გამგზავრება.
„თუ ალიევის რომელიმე მლიქვნელს ჰგონია, რომ პრეზიდენტი კოჩარიანი ქვეყნიდან გაიქცევა, ის სერიოზულად ცდება. მხოლოდ ერთი ადამიანი გაიქცევა სომხეთიდან, და ეს ალიევის ლაქია იქნება (თუ, რა თქმა უნდა, გაქცევას მოახერხებს)“, – განაცხადა მიქოიანმა, სავარაუდოდ, ფაშინიანის მისამართით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავის საარჩევნო შტაბში, 2026 წლის 8 ივნისს. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
თავის მხრივ, ფაშინიანმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, „ნუ იჩქარებენ ჩემოდნების ჩალაგებას“.
„საარჩევნო კამპანიის დროს ვთქვი, რომ სომხეთიდან გაქცევის შესაძლებლობაზე იოცნებებდით, მაგრამ ამის საშუალება არ გექნებოდათ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ხელისუფლებას ჯერჯერობით საჯაროდ არ განუმარტავს, რა სამართლებრივი საფუძვლით შეიზღუდა აღნიშნული პირების გამგზავრება.
კირანცის ადგილობრივი საჯარო მოხელე აცხადებს, რომ მასზე გადადგომის მიზნით ზეწოლა განხორციელდა
გარდა ამისა, სასაზღვრო სოფელ კირანცის ადგილობრივმა საჯარო მოხელემ, გოჰარ ვარდანიანმა განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის მიზნით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უარყოფდა მტკიცებას, რომ სოფელში „სამოქალაქო შეთანხმების“ მაღალი შედეგი ადგილობრივ მხარდაჭერაზე მიუთითებს.
კენჭისყრის მონაცემების წარდგენისას, 8 ივნისს ვარდანიანმა აღნიშნა, რომ შედეგი მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლების ხმებით არ იყო განპირობებული – მასზე გავლენა იქონიეს მესაზღვრეებმა, გაწვეულმა სამხედროებმა და სხვა ამომრჩევლებმა, რომლებიც სოფელში მუდმივად არ ცხოვრობენ.
„ძვირფასო ხელისუფლებავ, ამ ადამიანების [კირანცის მცხოვრებლების] ბედი საერთოდ არ გადარდებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ აჩვენოთ, თითქოს კირანცის მოსახლეობა კმაყოფილი და მადლიერია. და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ან რას გრძნობენ ეს ადამიანები სინამდვილეში“, – დაწერა ვარდანიანმა.
12 ივნისს მან გამოაქვეყნა, მისი თქმით, იძულებითი გადადგომის განცხადება, თუმცა თავად დოკუმენტი 10 ივნისით იყო დათარიღებული – მისი თავდაპირველი პოსტიდან ორი დღის შემდეგ.
ვარდანიანის თქმით, ზეწოლის მთავარი მიზეზი იყო წინა Facebook-პოსტი, რომლის წაშლაზეც მან უარი თქვა.
კირანცი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2024 წლის გაზაფხულზე მოექცა, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მიმდინარეობდა.
ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სომხეთმა ტავუშის რეგიონში მდებარე რამდენიმე ყოფილი საბჭოთა სასაზღვრო ტერიტორია აზერბაიჯანს დაუბრუნა. ეს ტერიტორიები 1990-იანი წლების დასაწყისიდან სომხური ძალების კონტროლის ქვეშ იყო. პროცესის შედეგად მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეული მონაკვეთების დემარკაცია კირანცისა და მეზობელი სოფლების სიახლოვეს.
ამ გადაწყვეტილებამ ტავუშსა და ერევანში მრავალკვირიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და ოპოზიციური მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელობდნენ. დემონსტრანტები ხელისუფლებას ცალმხრივ ტერიტორიულ დათმობებში ადანაშაულებდნენ და ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გზების ბლოკირებას, მსვლელობებსა და მიტინგებს აწყობდნენ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.