გლდანის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება სრულად განაახლა - სეს

პუბლიკა

გლდანის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება სრულად განაახლა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვასილ კვერნაძე facebook-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნავს, ბაზრის შესასვლელში მოწყობილია შესაბამისი დეზობარიერი. მისი თქმით, ასევე შესასვლელში მომხმარებლებს ურიგდებათ პირბადე და ერთჯერადი ხელთათმანები.

„დღეის მდგომარეობით ბაზარმა ფუნქციონირება სრულად განაახლა, შესაბამისი სოციალური დისტანციის დაცვით. თბილისის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 12 აგრარული ბაზარი. ყოველდღიურად ხდება ბაზრებისთვის რეკომენდაციების მიცემა“, – აღნიშნავს ვასილ კვერნაძე.

კვერნაძის თქმით, ყოველდღიურად ელოდებიან იმ ბაზრების მუშაობის სრულად აღდგენას, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებამდე, თბილისის ტერიტორიაზე, ფუნქციონირებდა.