გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაფასა.

„ჩვენი მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის შეწყალებაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა. შესაძლოა მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსეთის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა საგარეო კუთხით ქვეყანას რაიმე პრობლემას შეუქმნიდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის იწყალებს ოპოზიური პარტიების წევრებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს.