გაიგეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამა https://www.rs.ge/kompensacia  მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.