„ოცნების“ ლიდერშიპმა ღია ომი დაიწყო ე.წ. ძველების წინააღმდეგ – ჯაბა ჯიშკარიანი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, „ოცნების“ მთავარი პრობლემა მისი ლიდერშიპი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, რაც ნათლად გამოჩნდა იქიდან, რომ პარტიის ძველი წევრების წინააღმდეგ ღია ომი დაიწყეს.

„მათ დაიწყეს ღია ომი ჩვენი, ე.წ. ძველების წინააღმდეგ. იმ ძველი ბრძოლის მონაწილეების წინააღმდეგ, ვინც იბრძოდნენ 2004 წლიდან, ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 2012 წლამდე. დაიწყო „ქართული ოცნების“ ლიდერშიპმა და ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე იქ არაფერი არ ხდება. ყველამ კარგად ვიცით ეს.

ირაკლი კობახიძესა და დიმიტრი ხუნდაძეზე იმის გადაბრალება, რომ ისინი არიან ურჩი ბიჭები, სისულელეა, აბსურდია. ამას 2 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს. ბოლომდეა გაშიშვლებული და გაშიფრული „ქართული ოცნების“ ლიდერი და მთლიანად პოლიტიკური პარტია“, – თქვა ჯაბა ჯიშკარიანმა „TV პირველის“ ეთერში.

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის თქმით, მართალია, მათ დატოვეს პარტია, მაგრამ „ოცნების“ პრინციპებისა და იდეალებისთვის არ უღალატიათ, რაც გააკეთა თავად ივანიშვილმა და პარტიის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ.

„მინდა, შესწორება შევიტანო, რომ ჩვენ „ქართული ოცნება“ არ დაგვიტოვებია. „ქართული ოცნება“ არის იდეა, რომელიც გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა და ყველა იქ მყოფმა ადამიანმა ბოლომდე. ჩვენ იმ რელსებზე ვართ, რა რელსებზეც ვიყავით 2006 წელს.

სამართლიანობის აღდგენა რომ სანატრელი გაგიხდება და მთავარ მოთხოვნად გექნება 2020 წლის მიჯნაზეც კი, ეს არის სასაცილო და შენი ერის დაცინვა. შენი სიტყვების გაუფასურებაა, რომელიც გაეცი წინასაარჩევნოდ, 2016-შიც და სალომეს არჩევნების წინაც, როცა ცხარე ცრემლებით ტიროდი და მოსახლეობას ეხვეწებოდი, ოღონდ ხმა მომეცითო. ეს იყო წყალგამყოფი და ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება. „ქართული ოცნება“ ვართ ჩვენ, ის მოტყუებული ხალხი, ვინც იდეალებისთვის ვიბრძოდით და ეს იდეალები მოგვიკლეს მათ“, – თქვა ჯაბა ჯიშკარიანმა.