26 მაისს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება

პუბლიკა

ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის წევრები 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად ვაზიანის ბაზაზე აღნიშნავს.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვნის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.