აშშ-ში დაკავებისას მოქალაქის მკვლელობას 4 პოლიციელის გათავისუფლება და აქციები მოჰყვა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაკავებისას ერთ-ერთი მათგანის მხრიდან ძალადობის შემდეგ უიარაღო მოქალაქე დაიღუპა. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

როგორც Reuters წერს, მინესოტას შტატში, ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს მომხდარი შემთხვევა რეზონანსული აღმოჩნდა. პოლიციელების გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში მინეაპოლისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები გუშინ მთელი დღის განმავლობაში პოლიციის მოქმედებას აპროტესტებდნენ. საღამოს კი აქცია სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.

ადგილობრივი მედიაგამოცემების კადრებში ჩანს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებიც. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაც დაარბია.

მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, მედარია არადონდომ ჟურნალისტებთან გუშინვე თქვა, რომ მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეს ფედერალური გამოძიების ბიურო ჩაიბარებს და პოლიციის მოქმედებას შეისწავლის.

ქალაქის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ კი განაცხადა, რომ გამოძიების გარეშეც ჩანს რასისტული მოტივი და ფლოიდის დაკავება არამართლზომიერი იყო.

„ამერიკაში შავკანიანად ყოფნა სასიკვდილო განაჩენი არ უნდა იყოს. ჩვენ ხუთი წუთის განმავლობაში ვუყურებდით, როგორ აწვება თეთრკანიანი პოლიციელი მუხლით შავკანიან მოქალაქეს კისერზე. როცა ვიღაც ხუთი წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვს, უნდა დაეხმარო“, – განაცხადა ქალაქის მერმა და პოლიციელების გათავისუფლებას სამართლიანი ნაბიჯი უწოდა.