პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოხსენება წარადგინა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ მთავრობის ნაბიჯებსა და ანტიკრიზისულ გეგმას ეხებოდა. მოხსენების დასრულების შემდეგ პრემიერს შეკითხვები დეპუტატებმა დაუსვეს.
„ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ გახარიას მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ჰკითხა. კერძოდ, ის შეეხო პატიმრების ციხიდან გათავისუფლების თემას. ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან, არიან თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები.
„პანდემიის გარდა, ერთ-ერთი პრობლემაა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენს შორისაა. ჩვენ თვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ვთვლით, რომ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეშია. თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ. ამბობთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მე, უბრალოდ, მინდა, რომ თქვენ მითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? მე ცოტა ხნის წინ ვნახე თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი შეერთებულ შტატებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის ნაცვლად ლობისტი მიმართავდეს წერილით. ეგ ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად.
წერილში, რომელსაც ქვემოთ „ქართული ოცნების“ ლოგო აქვს, დასაწყისი ასეთია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი, ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ. თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით, და ნუ თვლით, კი ბატონო, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისის შენარჩუნება. ამიხსენით, როდის იტყუებოდით – ამ წერილის დროს, ახლა, გუშინწინ, ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას შემთხვევაში თუ სხვების შემთხვევაში?
თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც, თქვენი აზრით, არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, აი, ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვებია თუ არა?” – ჰკითხა გიგა ბოკერიამ პრემიერს.
გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას შეკითხვებს მოგვიანებით უპასუხა.
პრემიერ-მინისტრმა ბოკერიას მიმართა და უთხრა, რომ ლობისტებთან დაკავშირებით „რჩევაა თუ ჩვენება, ღიმილის მომგვრელია”, თუმცა მითითების გათვალისწინებას შეჰპირდა. „პოლიტიკური კრიზისის” დასრულების შესახებ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ეს სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, ეს არის ხელისუფლება.
„ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის, აი, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა. ჩემთვის საქართველოში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არსებობენ. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებით, რომელიც პარლამენტზე შტურმში მონაწილეობდა და ამ შტურმში ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი. მეორე ადამიანმა ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული თანხა. პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა.
პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როცა შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი დადგება და გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს, ვინ არის კონსენსუსის მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერი ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე პასუხის დაწყებას აპირებდა, როცა დარბაზიდან მას ბოკერიამ ბოლო, მინისტრთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემა შეახსენა.
„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობთ. ეჭვი მაქვს, რომ მორიგი ფანტაზიის შედეგია ეს ყველაფერი”, – ასე უპასუხა გახარიამ ბოკერიას ბოლო შეკითხვას.
ლობისტების წერილი, რომელზეც გიგა ბოკერიამ პრემიერს ჰკითხა, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. წერილი 16 მაისსაა გაგზავნილი და მასში ჯერი მარკონი 8 მარტის შეთანხმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებით „შეთანხმების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა”. დოკუმენტს თან „ქართული ოცნების” წერილიც ერთვის.