კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და რეკომენდაციებისა და წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი გახარიას თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებისა და ყველა სახის ბიზნესის გახსნის შემდეგ მოქალაქეების მობილობა, ანუ გადაადგილების ინტენსივობა გააქტიურდა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის. პრემიერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევები მოსალოდნელი იყო და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვირუსი ჯერ არ დამარცხებულა.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების კონტროლი როგორც დროში, ასევე სივრცეში.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი: ერთი თბილისში, მეორე – მარნეულში, სოფელ მერეთში.
აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა ვართ თავშეყრის ადგილებში”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, მთავრობა იძულებულია, ნელ-ნელა ეკონომიკა გახსნას და არავის აქვს სურვილი, შეზღუდვები უკან დაბრუნდეს. მისი განცხადებით, მთავრობას გააზრებული აქვს, რომ გამოყოფილი სოციალური დახმარება არ არის საკმარისი. პრემიერის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ეკონომიკის აღსადგენად და ადამიანებისთვის შემოსავლების დასაბრუნებლად.
„ის გეგმები, რომლებიც მთავრობას აქვს, ეკონომიკისა და ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება უკიდურესად ფრთხილად და უკიდურესად გონივრულად გაკეთებული, სხვანაირად რისკის ქვეშ მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ. მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები”, – განაცხადა პრემიერმა.
„ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანაა:
- ვატაროთ ნიღბები;
- ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ გეგმა, რომელიც გულისხმობს სწრაფი მკურნალობა, სწრაფი გამოვლენა და ადამიანის სწრაფად სოციუმში დაბრუნება, შესრულდეს.
ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ – ვატაროთ ნიღბები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენ აქედან გამოვალთ უფრო ძლიერი და პატარა ქვეყანა დაამტკიცებს, რომ ეფექტურად მართა კრიზისი”, – განაცხადა პრემიერმა.