ტრამპმა გუბერნატორებს „სუსტი" უწოდა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა - Washington Post

აშშ-ის პრეზიდენტმა საკონფერენციო ზარის დროს გუბერნატორები მკაცრად გააკრიტიკა, მათ სუსტები უწოდა და ქუჩებში მიმდინარე მღელვარებაზე კონტროლისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post იმ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც საუბარში მონაწილეობდნენ.

ტრამპმა ასევე მოუწოდა გუბერნატორებს, დაიბრუნონ ქუჩები და ძალის გამოყენებით დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულელებად გამოჩნდებიან.

„თუ არ აიღებთ კონტროლს ხელში, დროს ტყუილად კარგავთ”, – საუბრის მონაწილე ანონიმური წყაროს ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა გუბერნატორებს.

წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა გუბერნატორებს სამხედრო ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა განუცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ადამიანებს 10 წლით პატიმრობა უნდა მიესაჯოთ.

აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო მღელვარებას საჯაროდ რამდენჯერმე მხოლოდ twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა. კვირას twitter-ზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ანტიფა”, რომელიც, მისი ცნობით, ძალადობრივი პროტესტის ორგანიზების უკან იდგა, აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოაცხადოს.


აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდი, ამერიკის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.  თეთრკანიანი პოლიციელი, რომლის ქმედებებმაც ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია, დერეკ ჩაუვინია. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება. პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდგომ კი დააპატიმრეს.

ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებულმა აქციებმა მალევე მიიღო ძალადობრივი ფორმები, რასაც ამერიკის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.

ამერიკის ხელისუფლებას 15 შტატში ქვეყნის ნაციონალური გვარდიის გამოყვანაც მოუხდა, რათა ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო მღელვარებასთან გამკლავებაში პოლიციას დახმარებოდა.